„დედაშვილობა – დიდი ნეტარება“ -  ოჯახური ღირებულებების განმტკიცებისკენ მიმართული ღონისძიება სამთაწყაროს საჯარო სკოლაში
05-03-2026

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში VI კლასის დამრიგებელმა,  დარეჯან პაპაიშვილმა-ჩოხელმა ჩაატარა განსაკუთრებული და ემოციური ღონისძიება „დედაშვილობა -დიდი ნეტარება“, რომელიც მიეძღვნა 3 მარტს-დედის დღეს.

ღონისძიების მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებში დედის როლისა და მნიშვნელობის გააზრება, ოჯახური ღირებულებების განმტკიცება და მადლიერების გრძნობის გაღრმავება. ბავშვებმა არა მხოლოდ სიტყვით, არამედ შრომითა და გულით გამოხატეს სიყვარული, საკუთარი ხელით შექმნეს საჩუქრები და ამით კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ნამდვილი ღირებულება ფასში კი არა, შრომასა და გულწრფელობაშია.

გოგონებმა დარეჯან მასწავლებლის ხელმძღვანელობით შეისწავლეს ქარგვა და დაამზადეს ლამაზი, გულით მოქარგული ბაფთები – როგორც საკუთარი დედებისთვის, ისე თანაკლასელების დედებისთვის.

ვაჟებმა კი სოფელ სამთაწყაროს მამაოების -მამა გიორგისა და მამა იაკობის დახმარებით, საკუთარი ხელით ჩამოასხეს ცემენტისგან საყვავილეები. ამ პროცესმა მათ შრომის ფასეულობა, პასუხისმგებლობა და უფროსებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა კიდევ უფრო ნათლად დაანახა.

ღონისძიების დღეს საკლასო სივრცე სითბოთი და ემოციით აივსო. მოსწავლეებმა წარმოთქვეს გულისამაჩუყებელი სიტყვები დედაზე, შეასრულეს ცეკვები და განსაკუთრებული პატივისცემით გადასცეს თავიანთი ხელნაკეთი ნამუშევრები დედებს.

ბავშვებმა საკუთარი შემოქმედება საჩუქრად გადასცეს სკოლის დირექტორს, ქალბატონ ეკატერინე ჩიტაურს და დამრიგებელს, რითაც მადლიერება გამოხატეს მათი მხარდაჭერისა და ზრუნვისთვის.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები, დირექტორი ეკატერინე ჩიტაური და დირექტორის მოადგილე ელენე გრიგორიადისი.

დასასრულს, სკოლის დირექტორმა მოსწავლეებსა და დამრიგებელს გადასცა მადლობის სიგელები, ასევე მადლობა გადაუხადა მოწვეულ მამაოებს გაწეული მხარდაჭერისა და ბავშვების შრომით აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის.

ღონისძიება ძალიან პოზიტიურად შეაფასეს სკოლის დირექტორმა, დირექტორის მოადგილემ, მოწვეულმა მამაოებმა და მშობლებმა. მათ განსაკუთრებულად აღნიშნეს ბავშვების გულწრფელობა, შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობა და ის ემოციური სითბო, რომელმაც გააერთიანა სკოლა და ოჯახი. შეფასებებში ხაზგასმით აღინიშნა, რომ მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს არა მხოლოდ შემოქმედებითი უნარების განვითარებაში, არამედ ღირებულებებზე დაფუძნებული აღზრდის პროცესში.

„ამ დღემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ დედის სიყვარული - უპირობოა, ბავშვის მადლიერება - გულწრფელი, ხოლო ერთად შექმნილი სითბო - დაუვიწყარი.

„დედაშვილობა - დიდი ნეტარება“ არა მხოლოდ ღონისძიება, არამედ სულიერი გამოცდილება იყო დღე, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა სკოლა, ოჯახი და საზოგადოება ერთ დიდ სიყვარულში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203