„სასკოლო ფორმა მხოლოდ ტანსაცმელი არ არის - ის ერთიანობისა და მეგობრობის სიმბოლოა“ - დირექტორები ახალ რეგულაციაზე საუბრობენ
05-03-2026

მომავალი სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის ფორმების ტარება სავალდებულო იქნება - აღნიშნულ ცვლილებას ზოგადი განათლების კონცეფცია ითვალისწინებს და ისიც უნდა ვთქვათ, რომ ინიციატივას მშობლებიცა და მასწავლებლებიც დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ, თუმცა როგორ მიიღეს ეს ამბავი მოსწავლეებმა და რას ფიქრობენ დირექტორები? - ამ კითხვით etaloni.ge-მ სკოლის ხელმძღვანელებს მიმართა.

ფორმა ბავშვებში თანასწორობის, ერთიანობისა და სკოლისადმი კუთვნილების გრძნობას აძლიერებს - ეს გახლავთ მთავარი გზავნილი დირექტორებისგან. არგუმენტებს კი მათივე კომენტარებში ამოიკითხავთ:

ბესარიონ სიხარულიძე, თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლებში ფორმების დაწესების შესახებ ინფორმაციას ჩვენთან დადებითად შეხვდნენ, განსაკუთრებით მშობლები... მანამდეც არაერთხელ გვისაუბრა მსგავსი რეგულაციის დაწესებაზე, ასე რომ, ბავშვები ფსიქოლოგიურად მომზადებულები შეხვდნენ. თამამად ვიტყვი - ფორმის დაწესება წაადგება თანასწორობის პრინციპების დამკვიდრებას. ისიც ითქვა, რომ ეტაპობრივად უფროსკლასელებზეც გავრცელდებაო და არც ამ მიმართულებით შეიქმნება პრობლემა, რადგან კანონის დონეზე შემოდის და ყველას შეეხება.

პირადად, როგორც სკოლის ხელმძღვანელს მიმაჩნია, რომ ფორმა, მობილურების შეზღუდვა... და მსგავსი რეგულაციები სრულიად განსხვავებულ გარემოს ქმნის, უფრო პროდუქტიულს და სიამაყით აღვნიშნავ, რომ ჩვენი სკოლა უდავოდ გამოირჩევა სიახლეების მიმღებლობით, გვაქვს ჩვენი ტრადიციები და პატივს ვცემთ ერთმანეთის უფლებებს.

ეკა ესიავა, ვარლამ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის ონტოფოს საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენს სკოლაში ფორმები აქამდეც იყო და ამიტომ ბავშვებიც, მშობლებიც გაგებით მოეკიდნენ სამინისტროს გადაწყვეტილებას. ჩვენც მივესალმებით, რადგან ბავშვს უნდა ეტყობოდეს, რომ სკოლის მოსწავლეა. გარდა ამისა, აღარ იქნებიან ორიენტირებულები ჩაცმაზე, შეძლებენ, სრულად გადაერთონ სწავლაზე და ერთმენთს იმაში შეეჯიბრონ, ვინ უკეთ ისწავლის.

თამარ გურაშვილი, თბილისის N152 საჯარო სკოლის დირექტორი:

გულწრფელად გეტყვით - ძალიან კმაყოფილი ვარ მინისტრის ამ გადაწყვეტილებით... მინდოდა, გრკვეული დრსეკოდი დამეწესებინა და ამ საკითხს უკვე განვიხილავდით მშობლებთან ერთად... შეამცირებს თუ არა ფორმა ჩაცმის თემაზე ბულინგს ბავშვებს შორის? - ამ მიმართულებით ჩემს სკოლაში გამოწვევები ნამდვილად არ არის და პროგნოზირებაც გამიჭირდება... ზოგადად მაქსიმალურად ვცდილობთ მსგავს გამოწვევებს თავი ავარიდოთ და გამოგვდის კიდეც - ამით ვამაყობთ. ჩვენ, გარდა იმისა, რომ ცოდნა უნდა მივცეთ ბავშვებს, პირველ რიგში, ადამიანები უნდა აღვზაროდთ. თუმცა, სადაც ჩაცმის გამო ბავშვები ერთმანეთს აბულინგებენ, ფორმა უდავოდ იქნება პრევენცია - ვიღაცა ვიღაცას ზემოდან აღარ გადმოხედავს და ეს მნიშვნელოვანია.

ნინო ჯიბლაძე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განმუხურის საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლაში ფორმა ადრევე დავაწესეთ - მსგავსი რეგულაცია ბავშვების ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს, თანასწორობის განცდას ქმნის ბავშვებში და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მშობლებისთვის უფრო ბიუჯეტური აღმოჩნდა ფორმის შეძენა, ვიდრე ყოველდღიურად იმაზე ზრუნვა, რა უნდა ჩაეცვა ბავშვს სკოლაში... ასე რომ, მშობლებს უდავოდ გაუხარდათ ამ რეგულაციის დაწესება.

მამუკა თვალაძე, აზა ადამიას სახელობის მარტვილის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, ყველასთვის მისაღები უნდა იყოს სასკოლო ფორმების დაწესება და მხოლოდ მივესალმები, საკითხი ისე თუ დარეგულირდება ბავშვებს მოსწავლეობა ეტყობოდეთ...

გარდა ამისა, სასკოლო ფორმა ბავშვებს გააერთიანებს და მათში პასუხისმგებლობის, გუნდურობის გრძნობას მეტად გააძლიერებს. 

გიორგი გარსიძე, თბილისის N154 საჯარო სკოლის დირექტორი:

მგონი, ორიგინალური არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ მოსწავლეები დაწყებით საფეხურზე ფორმების დაწესებას დადებითად შეხვდნენ. დარწმუნებული ვარ, სასკოლო საზოგადოების არც ერთი წარმომადგენელი არ იქნება წინააღმდეგი, რადგან ფორმა ქმნის ერთიანობის, თანასწორობის განცდას, რაც უდავოდ მისასალმებელია.

რუსიკო მუმლაძე, აბაშის მუნიციპალიტეტის წყემის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლა საბაზოა და მოსწავლეებში განსაკუთრებული წინააღმდეგობა არ ყოფილა ფორმების დაწესებასთან დაკავშირებით... მშობლებიც ემხრობიან სამინისტროს გადაწყვეტილებას და ყველა ვთანხმდებით, რომ ჩაცმის გამო ბულინგის აღკვეთის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, თუმცა მე, როგორც ხელმძღვანელს, კიდევ ერთი რამ მაწუხებს: ფორმის ხარისხი.

ფორმა, რომელიც პირადად მე მეცვა სკოლაში მოსწავლეობისას, უხეში ნაჭრისგან იყო შეკერილი, რაც დისკომფორტს ქმნიდა... ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ის, რასაც ბავშვებს ჩავაცმევთ, იყოს ხარისხიანი და არც სასწაული ფასი არ ღირდეს, მშობლებმა ხომ უნდა შეძლონ ყიდვა...

მაკა გიორგაძე, თბილისის N14 საჯარო სკოლის დირექტორი: 

I-IV კლასის მოსწავლეებისთვის ეს რეგულაცია ჩვენს სკოლაში აქამდეც იყო, ასე რომ სიახლე ნამდვილად არაა მათთვის ფორმის ტარების ვალდებულება, ისევე როგორც მობილურების შეზღუდვა... მშობლებსაც ძალიან გაუხარდათ, რადგან თავის დროზე ფორმის დაწესება იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ სამწუხაროდ წლების წინ დაფიქსირდა ბულინგის შემთხვევა სწორედ ჩაცმულობის გამო... როდესაც ბავშებს აცვიათ ფორმა, სხვაგვარი წესრიგია... იმასაც მივესალმები, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან მოსწავლეებს ფორმით სახელმწიფო რომ უზრუნველყოფს - მნიშვნელოვანია, ბავშვებმა თანასწორობის პრინციპების დაცვა სკოლაშივე ისწავლონ.

დონალდ ძაგანია, მარტვილის მუნიციპალიტეტის ბანძის საჯარო სკოლის დირექტორი:

სასკოლო ფორმების დაწესება, რა თქმა უნდა, არის წინგადადგმული და ბავშვების ინტერესებზე მორგებული ნაბიჯი... მშობლებიც მიესალმებიან სამინისტროს გადაწყვეტილებას და ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშობა, საუბრები იმ მიმართულებით, რომ ბავშვები სკოლაში ფორმის გარეშე არ მოვიდნენ - ასეთი საუბრები ბავშებთან ყოველთვის დადებით შედეგს გამოიღებს ხოლმე. ასევე მოხდა მობილურების შეზღუდვის შემთვევაშიც - დაახლოებით ორი წელია ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება გაკვეთილის მიმდინარეობისას ჩვენთან შეზღუდულია. დავამზადეთ ყუთები, სადაც ბავშვები ათავსებდნენ ტელეფონებს. ეს გადაწყვეტილება კი იმიტომ მივიღეთ, რომ მოსწავლეთა ჩამორჩენის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ტელეფონი გახლავთ. იცით, რა შედეგი მივიღეთ? - ბავშვების ნაწილმა, რადგან გაკვეთილზე ვეღარ იყენებდნენ მობილურს, გადაწყვიტეს სკოლაში აღარც მოეტანათ ტელეფონები. სასწავლო რესურსად მის გამოყენებას რაც შეეხება, კი ბატონო, ხანდახან საჭიროა, თუმცა არა ყოველდღიურ რეჟიმში. ასე რომ ფორმის დაწესება და მობილურების შეზღუდვა, ვფიქრობ მხოლოდ დადებითად იმოქმედებს სასწავლო პროცესზე.

თამარ ხუბაშვილი, თბილისის N115 საჯარო სკოლის დირექტორი:

ზოგადად, როგორც სკოლის ხელმძღვანელი, ვემხრობი ამ გადაწყვეტილებას და მიმაჩნია, რომ არა მხოლოდ დაწყებით საფეხურზე, მაღალ კლასებშიც უნდა ეცვათ ფორმა ბავშვებს.

გულნაზ ცაავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის ლეცავეს საჯარო სკოლა დირექტორი:

სასკოლო ფორმა მხოლოდ ტანსაცმელი არ არის - ის ერთიანობისა და მეგობრობის სიმბოლოა. ყველას გვინდა, ბავშვებმა სკოლაში თავი კომფორტულად იგრძნონ, იყვნენ თანასწორები, მხარს უჭერდნენ ერთმენთს და პატივს სცემდნენ... სწორედ ამ მიზანს ემსახურება ფორმის დაწესება, რასაც მშობლებიც მიესალმებიან. 

ელდარ არაბული, თბილისის N200 საჯარო სკოლის დირექტორი:

სასკოლო ფორმა ვფიქრობ, გააქრობს ზღვარს შესაფერის და შეუფერებელ ჩაცმულობას, მდიდარსა და ნაკლებად შეძლებულს შორის... ეს მხოლოდ დადებითად აისახება ბავშვების ფსიქიკაზე, განსაკუთრებით დაბალ კლასებში, რადგან პატარები მეტად განიცდიან მსგავს უთანასწორობას. ცოტა ადრეც რომ დაწესებულიყო ფორმები, ძალიან კარგი იქნებოდა.

მიხეილ ნაჭყებია, მარტვილის მუნიციპალიტეტის, მეორე ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი:

ყველა საფეხურის მოსწავლისთვის უნდა იყოს სავალდებულო ფორმის ტარება. ქუჩაში ბავშვი რომ მიდის, უნდა ეტყობოდეს, მოსწავლე რომაა და გარდა ამისა, ვფიქრობ, სკოლის ემბლემა ან გერბი იყოს დატანილი, რათა ვიცოდეთ, რომელ სკოლას წარმოადგენს. ასე ბავშვები უფრო დაცულები იქნებიან.

ხათუნა ნადარეიშვილი, აბაშის მუნიციპალიტეტის, სამიქაოს საჯარო სკოლის დირექტორი:

კარგი გადაწყვეტილებაა, რომელიც ვფიქრობ, უფროსკლასელებზეც უნდა გავრცელდეს... ყველას არ აქვს საშუალება, შეიძინოს ძირფასი სამოსი, რაც ერთგვარ უთანასწორობას ქმნის. თუმცა აქვე დავძენდი, რომ საფეხურების მიხედვით განსხვავებული ფორმები რომ იყოს, უფრო გაახალისებდა ბავშვებს, ფერმა არ უნდა დათრგუნოს მოსწავლეები...

სოსო წულაია, მარტვილის მუნიციპალიტეტის ზედა ხუნწის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოსწავლემ სკოლაში თავი განსაკუთრებულად და დაცულად იგრძნოს. სასკოლო ფორმა ქმნის გარემოს, სადაც ბავშვები უფრო მეტად გრძნობენ, რომ ერთი დიდი ოჯახი ვართ. მიმაჩნია, რომ ყველა მოსწავლეს უნდა შეეხოს ფორმის ტარების ვალდებულება - თანასწორობის პრინციპების დაცვას სკოლის ასაკიდანვე უნდა მიეჩვიონ.

ოლეგ გულორდავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის N2 საჯარო სკოლა დირექტორი:

ინფორმაცია, სასკოლო ფორმის დაწესებასთან დაკავშირებით, ჩვენმა ბავშვებმა ჩვეულებრივ მიიღეს... არანაირი უარყოფითი რეაქცია არ ჰქონიათ და ზოგადად, როგორც სკოლის ხელმძღვანელს მიმაჩნია, რომ ეს რეგულაცია უდავოდ შეამცირებს ბავშვებს შორის უთანასწორობის განცდას. სასკოლო ფორმა ესაა წესრიგი და თანასწორობა... გარდა ამისა, უდავოდ ლამაზია - ხომ გაგიგონიათ „თვალი ჭამს და თვალი სვამს“, ასე რომ, მივესალმებით.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203