
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებაში, რომელიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესსა და პირობებს განსაზღვრავს, ცვლილება შევიდა.
დოკუმენტით განისაზღვრა, რომ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებებს შეეძლებათ, მიღება გამოაცხადონ ორი სასწავლო გეგმით.
„საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, დაწესებულება უფლებამოსილია მიღება გამოაცხადოს ორი სასწავლო გეგმით (სასწავლო გეგმა, რომელიც მოიცავს ინტეგრირებულ ზოგად მოდულებს და სასწავლო გეგმა, რომელიც არ მოიცავს ინტეგრირებულ ზოგად მოდულებს)“, - ნათქვამია მინისტრის ბრძანებაში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულება ორი სასწავლო გეგმით სტუდენტების მიღებას შეძლებს იმ შემთხვევაში, „თუ თავისუფალი ადგილების რაოდენობა იძლევა ორი დამოუკიდებელი ჯგუფის ფორმირების შესაძლებლობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით“.