
2026 წლის ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით არაერთი სიახლეა, მათ შორის 1 ქალაქი-1 ფაკულტეტის პრინციპით, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში პროგრამებისა და კვოტირებების განსაზღვრა.
ცნობილია, რომ სახელმწიფო დაწესებულებები სრულიად უფასო გახდება, სტუდენტები ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხებიან, თუმცა რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ორ ან რამდენიმე აპლიკანტს, ეროვნულ გამოცდებზე, პრიორიტეტულ საგნებში ერთნაირი ქულები ექნებათ?
ვინ განსაზღვრავს, რომელი მათგანი განაგრძობს სწავლას სახელმწიფო უნივერსიტეტში და რომელი დარჩება მის გარეთ?
აღნიშნულ საკითხს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესი არეგულირებს, სადაც განმარტებულია, რომ ერთნაირქულიანი აპლიკანტები ჩაირიცხებიან კონკრეტულ უმაღლესში და თუ კვოტით არ იქნება გათვალისწინებული, მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა მაინც გაიზრდება:
„თუ რამდენიმე აბიტურიენტს ერთსა და იმავე აკადემიურ პროგრამაზე მოსახვედრად საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელ საგნებში, მათ შორის პრიორიტეტულ საგანში, მოპოვებული აქვს თანაბარი საკონკურსო ქულა და მათი ჩარიცხვის შემთხვევაში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს ამ პროგრამაზე გამოცხადებულ ადგილთა რაოდენობას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე დაემატება მისაღებ სტუდენტთა ადგილების ის რაოდენობა, რაც აუცილებელია ამ პუნქტით განსაზღვრული თანაბარქულიანი აბიტურიენტების ჩასარიცხად“, - ნათქვამია დოკუმენტში, თუმცა იმავდროულად გასათვალისწინებელია ერთი გარემოება:
თუ პროგრამაზე იმაზე მეტი აპლიკანტი ჩაირიცხება, ვიდრე კვოტებითაა განსაზღვრული, მომდევნო წელს ეს რაოდენობა ვაკანტურ ადგილებს მოაკლდება:
„თუ ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, შესაბამისი პროგრამისთვის გამოყოფილი ადგილებისთვის შესაბამის წელს განსაზღვრული მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებს, დამატებული სტუდენტების რაოდენობა მოაკლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს დადგენილ მისაღებ სტუდენტთა კონტინგენტს“.