ჭალადიდის საჯარო სკოლის მე-6 კლასელებმა მშობლიური ენის დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს
04-03-2026

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით. აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. 

21 თებერვალს მსოფლიოში აღინიშნა მშობლიური ენის დღე, რომელიც 1999 წელს დააწესა იუნესკომ, რათა მსოფლიოს ხალხს შეახსენოს მშობლიური ენის დაცვისა და განვითარების მნიშვნელობა.

ამ თარიღთან დაკავშირებით, მეექვსე კლასში პედაგოგმა, მაია ნოდიამ ჩაატარა აქტივობა, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში ქართული ენისადმი სიყვარულისა და პატივისცემის გაღრმავება.

მოსწავლეები აქტიურად და დიდი ინტერესით ჩაერთნენ პროცესში. მათ შექმნეს „სასიტყვეთის ხე“, სადაც თითოეულმა მიამაგრა მისთვის საყვარელი სიტყვა. ბავშვებმა განმარტეს:

  • რას ნიშნავს არჩეული სიტყვა?
  • რატომ შეარჩიეს სწორედ ეს სიტყვა?
  • რა გრძნობას იწვევს მისი წარმოთქმა?

აღსანიშნავია, რომ ბავშვების მიერ შერჩეულ სიტყვებში ჭარბობდა ისეთი ღირებულებები, როგორიცაა სიყვარული, დედა, სამშობლო, მეგობრობა, სითბო და მშვიდობა.

„ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ სიტყვა მხოლოდ ბგერათა ერთობა არ არის - იგი გრძნობისა და აზრის მატარებელია.

შემდეგ მოსწავლეებმა შეარჩიეს სიტყვა, რომელსაც „გაიმეტებდნენ სიკეთისთვის“ და მოათავსეს „სიკეთის ყუთში“. ამ აქტივობამ ბავშვები დააფიქრა სიტყვების ძალაზე - როგორ შეუძლია ერთ კეთილ სიტყვას ადამიანის გამხნევება და გაბედნიერება“,- გვიყვება პედაგოგი. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული ენის ისტორიასა და უნიკალურობაზე, გაიხსენეს ქართული ანბანის განვითარების ეტაპები და აღნიშნეს, რომ ქართული დამწერლობა მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და გამორჩეული ანბანია.

„მშობლიური ენა ჩვენი იდენტობის საფუძელია. მისი დაცვა და გაფრთხილება თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ბავშვებში ენის სიყვარულის, პატივისცემისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებას“,- დასძენს პედაგოგი მაია ნოდია.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203