„ბავშვებმა იციან, რომ მობილური სწავლისას ხელისშემშლელია“ - დირექტორების მობილურების აკრძალვაზე საუბრობენ
02-03-2026

ცვლილებები ზოგადი განათლების კანონში სკოლებში მობილური ტელეფონების შეზღუდვას ითვალისწინებს. ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოხდება აღნიშნული საკითხის დარეგულირება, სამაგიეროდ ცნობილია უფროსების განწყობა - ყველა თანხმდება, რომ გაჯეტები, ტელეფონები თუ სხვა ელექტრონული მოწყობილობები სასწავლო პროცესს ხელს უშლის და საკითხის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება მხოლოდ მისასალმებელია. საინტერესოა, როგორ შეხვდნენ სიახლეს თავად მოსწავლეები? – etaloni.ge-მ ამ კითხვით სკოლის დირექტორებს მიმართა და  გაირკვა, რომ ძირითად შემთხვევებში ბავშვები გაკვეთილებზე მობილურებს არც იყენებენ, თუმცა ახალი რეგულაციით მაინც არ აღფრთოვანებულან.

ნარგიზ ხორგუანი, მესტიის მუნიციპალიტეტის მაზერის საჯარო სკოლის დირექტორი:

მობილურების გამოყენება ჩვენს სკოლაში შეზღუდულია - ყოველ დილით მორიგე მასწავლებელი ბავშვებს ტელეფონებს ართმევს და მოწყობილობები სამასწავლებლოში ინახება... ასე რომ, ბავშვებიც და სასკოლო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებიც დადებითად შეხვდნენ საკანონმდებლო დონეზე ამ ცვლილებას - ჩვენმა ბავშება იციან, რომ მობილური გაკვეთილზე ხელისშემშლელია!

ხათუნა გავაშელაშვილი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის თუზის საჯარო სკოლის დირექტორი:

მიზანშეწონილად მიმაჩნია მსგავსი ცვლილება საკანონმდებლო დონეზე... ზოგადად, საგაკვეთილო პროცესში მობილური ტელეფონის გამოყენება დაშვებული არასოდეს ყოფილა, თუმცა ისიც ვაღიაროთ, ჩვენი ახალგაზრდები 95%-ით დამოკიდებულნი არიან გაჯეტებსა და სხვა ციფრულ მოწყობილობებზე... ამიტომ აკრძალვის ბერკეტი თუ იარსებებს, მხოლოდ მივესლამები. რაც შეეხება თავად მოსწავლეების განწყობას, გაკვეთილებზე მობილურები რომ არ უნდა გამოიყენონ, იციან და წესებსაც ითვალისწინებენ.

მაია ფანგანი, მესტიის მუნიციპალიტეტის წვირმის საჯარო სკოლის დირექტორი:

სასწავლო პროცესის ეფექტურობა პირდაპირ კავშირშია მოსწავლის ჩართულობასთან... მობილური ტელეფონის არსებობა მერხზეც კი 20%-ით ამცირებს კოგნიტურ შესაძლებლობებს. როდესაც მუდმივად ვსაუბრობთ განათლების ხარისხზე, მნიშვნელოვანია, ხელისშემშელელი გარეშე ფაქტორები არ არსებობდეს... მობილურების აკრძალვა საკანონმდებლო პროცესზე ვფიქრობ, გახდება გარანტი, რომ კლასში, გაკვეთილის მიმდინარეობისას ყოველი წუთი პროდუქტიული იქნება.

გია ჯოხაძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბოსტანის საჯარო სკოლის დირექტორი:

მობილურების აკრძალვას რაც შეეხება, ჩვენს სკოლაში ბავშვები ისედაც არ იყენებენ... ხომ გესმით, მცირეკონტინგენტიანი სკოლაა და გაკონტროლებაც არ წარმოადგენს პრობლემას. ინიციატივას და საკანონმდებლო ცვლილებას მოსწავლეებიც და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებიც დადებითად შეხვდნენ.

ლეილა ხვიბლიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის იელის საჯარო სკოლის საჯარო სკოლა:

ეს გადაწყვეტილება არანაირად არ არის მიმართული მოსწავლეთა დასჯის ან მათი შეზღუდვისკენ, უბრალოდ მნიშვნელოანია, რომ გაკვეთილზე ხელისშემშლელი ფაქტორები არ არსებობდეს. ვფიქრობ, საკანონმდებლო დონეზე საკითხის დარეგულირება დადებითად აისახება ბავშვების აკადემიურ მოსწრებაზე.

ცირა ბოცვაძე, გელა ბელაუსოვის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გორაბერეჟოულის საჯარო სკოლის დირექტორი:

მობილურებისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობების აკრძალვა კანონის დონეზე, თავისთავად დაარეგულირებს აღნიშნულ საკითხს, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინთ, რომ ბავშვებსაც, მასწავლებლებსაც, საგაკვეთილო აქტივობებისას სჭირდებათ ელექტრონული მოწყობილობები და ასეთ დროს მათი გამოყენება დასაშვები უნდა იყოს.

სპარტაკ გვარმიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის ნაკრის საჯარო სკოლის დრექტორი:

მივესალმებით ამ ინიციატივას და იცით, რატომ? ადრე დასვენებებზე სულ გარეთ ვიყავი წესრიგის დასამყარებლად, ახლა კი ტელეფონების გადამკიდე, დადუმებულია სკოლა, რაც ძალიან მაბრაზებს... ბავშებს დიდად ალბათ არ მოსწონთ შეზღუდვები, თუმცა არ მგონია, რაიმე პრობლემა შეიქმნას.

მერაბ ძაძამია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლეწურწუმეს თემის საჯარო სკოლის დირექტორი:

ბავშვების განწყობაზე თუ ვისაუბრებთ, გეტყვით, რომ საკანონმდებლო დონეზე მობილურების აკრძალვის მოხარულები არ არიან, თუმცა ზოგად ჭრილში ამ მხრივ მათთვის განსაკუთრებული არაფერი იცვლება - მასწავლებლებს გაკვეთილზე აქამდეც აბარებდნენ მოწყობილობებს... მცირეკონტინგენტიანი სკოლა ვართ და გაკონტროლების მხრივაც, გამოწვევები ნაკლებად გვაქვს

ციცინო ფანგანი, მესტიის მუნიციპალიტეტის იფარის საჯარო სკოლის დირექტორი:

მობილურები ჩვენთან აკრძალულია და სანამ ცვლილებები მასშტაბურ სახეს შეიძენდა, სკოლის შინაგაწესში გქვონდა გაწერილი. ბავშვებმა იციან, რომ მობილური სწავლისას ხელისშემშლელია.

ლონგინოზ თოდუა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის თაიას საჯარო სკოლის დირექტორი:

ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება გაკვეთილებზე დაუშვებელია და ეს ჩვენმა მოსწავლეებმა იციან, თუმცა ამჯერად რადგან რეგულაცია კანონში ჩაიწერა, უფრო მობილიზებულები გახდებიან.

ფატიმა თეთრაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქვემო მახოს საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლა უნდა იყოს ადგილი, სადაც ბავშვები ტელეფონის ეკრანის მიღმა რეალობას დაუბრუნდებიან - ეს მოსწავლეებს გააზრებული აქვთ და ამიტომ, არ მგონია განსაკუთრებული პროტესტი ჰქონდეთ...

ელისო გულედანი, მესტიის მუნიციპალიტეტის ლენჯერის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

უფროსები ცვლილებას პოზიტიურად შევხვდით, ბავშვები - არც ისე, თუმცა ვაღიაროთ, მსგავსი რეგულაციები აუცილებელი და საჭიროა... მოსწავლეები დამოკიდებულნი არიან გაჯეტებზე, დასვენებებზე ჩამიჩუმი არ იცის - თავი აქვთ ტელეფონებში ჩარგული, ამიტომ მივესალმებით ამ შეზღუდვას.

ნაზი ქამადაძე, ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის ფურტიოს საჯარო სკოლის დირექტორი:

მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას - ეს ყველა მშობელმა და ყველა მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს. დასვენებებზე ბავშვები ერთმანეთის გვერდით სხედან, მაგრამ არ საუბრობენ, რადგან ტელეფონებში არიან ჩაფლულები. ამიტომ მივესალმებით მსგავსი ბერკეტების გაჩენას. 

ციოყ წერედიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის ლატალის საჯარო სკოლის დირექტორი: 

მოგეხსენებათ, სვანეთის გეოგრაფიული მდებარეობა განსხვავებულია, ტრანსპორტი გვემსახურება და ამ დროს აუცილებელია, მშობელს ჰქონდეს ბავშვთან კომუნიკაცია... ვფიქრობ, ამ საკითხსაც დავარეგულირებთ და მოსწავლეებიც ნაკლებად დამოკიდებულნი იქნებიან ელექტრონულ მოწყობილობებზე. 

მადონა ჭკადუა, მესტიის მუნიციპალიტეტის ყარ-სგურიშის საჯარო სკოლის დირექტორი:    

მეორე წელია ჩვენს სკოლაში შეზღუდულია მობილურების გამოყენება, ასე რომ, მოსწავლეებისთვის ახალი არაფერია და ისიც იციან, რომ მსგავსი გადაწყვეტილებების აუცილებლობა მათივე ინტერესებიდან მომდინარეობს - არავის გვინდა, გაჯეტებზე იყვნენ ბავშვები დამოკიდებულნი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203