„თაობათა თანამშრომლობა სკოლის გამწვანებისთვის“ - სამთაწყაროს საჯარო სკოლაში მწვანე მომავლის შექმნა გრძელდება
02-03-2026

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში გარემოზე ზრუნვა ერთჯერადი აქტივობა აღარ არის, ის ჩამოყალიბდა პროექტად, რომელიც აერთიანებს თაობებს, აძლიერებს პასუხისმგებლობას და ქმნის ღირებულებით გარემოს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტი - „თაობათა თანამშრომლობა სკოლის გამწვანებისთვის“ დაიწყო მაშინ, როდესაც ყოფილმა დირექტორმა, დინა გამხარაშვილმა სკოლას ყვითელი ბზის ნერგები გადასცა საჩუქრად. ინიციატივას მხარდაჭერით და ხედვით უპასუხა სკოლის დირექტორმა, ეკატერინე ჩიტაურმა. პედაგოგების, ადმინისტრაციის, ტექნიკური პერსონალისა და მოსწავლეების ერთობლივი შრომით სკოლის ეზო გარდაიქმნა მოწესრიგებულ და ესთეტიკურ „ბზის ეზოდ“.

პროექტის მეორე ეტაპზე სკოლას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საჩუქარი ერგო. ერთ-ერთმა ოჯახმა, რომელმაც საჯარო გახმაურება არ ისურვა, ტუიის ნერგები გადასცა სკოლას.

დარგვის ადგილი შეარჩია დირექტორმა, სივრცის გრძელვადიანი განვითარებისა და ესთეტიკური დაგეგმარების გათვალისწინებით. ტუიის ნერგები დაირგო სკოლის ეზოს იმ მონაკვეთში, რომელიც მომავალში ჩამოყალიბდება როგორც მოწესრიგებული, გამწვანებული სივრცე მოსწავლეთა სასწავლო აქტივობებისთვის.

დარგვის პროცესში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და ინიციატივა გამოიჩინეს XI კლასის მოსწავლეებმა - ნიკოლოზ სარდალაშვილმა, ნიკა გოჭოშვილმა და გიორგი ბოლქვაძემ.

მათი შრომა წარიმართა სკოლის მატერიალური უზრუნველყოფის კოორდინატორის - გურამ სარდალაშვილის უშუალო ჩართულობით.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტის მიზანია სკოლის ეკოლოგიური და ესთეტიკური გარემოს გაუმჯობესება, მოსწავლეებში გარემოსდაცვითი კულტურის, პასუხისმგებლობისა და სამოქალაქო ცნობიერების განვითარება.

პროექტის ამოცანები კი არის სკოლის ეზოს ეტაპობრივი გამწვანება, მოსწავლეთა პრაქტიკული ჩართულობა გარემოზე ზრუნვის პროცესში, გუნდური თანამშრომლობის კულტურის გაძლიერება, სკოლისა და თემის პარტნიორობის განმტკიცება, მდგრადი ეკო-ჩვევების ჩამოყალიბება.

„შედეგად კი გვექნება: გამწვანებული და მოწესრიგებული ახალი სივრცე სკოლის ეზოში, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა და ლიდერული უნარების გამოვლენა, თაობათა თანამშრომლობის წარმატებული მაგალითი, თემის მხარდაჭერის გაძლიერება სკოლის განვითარების პროცესში, საფუძველი „მწვანე დღის“ ტრადიციის გაგრძელებისთვის.

ეს პროექტი ასწავლის, რომ გარემოზე ზრუნვა იწყება პირადი პასუხისმგებლობით და გრძელდება ერთობლივი ძალისხმევით. თითოეული დარგული ნერგი არის სიმბოლო იმისა, რომ სკოლა არა მხოლოდ ცოდნის სივრცეა, არამედ ღირებულებების, თანამშრომლობისა და მომავლის შენების ადგილი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური, გულითად მადლობას უხდის დონორ ოჯახს, ბატონ გურამ სარდალაშვილს და XI კლასის მოსწავლეებს სკოლისთვის მნიშვნელოვანი და სასიკეთო მხარდაჭერისთვის.

„რადგან სკოლის ეზოში დარგული სიკეთე მომავალ თაობებს დარჩებათ, ჩვენ ვაგრძელებთ მწვანე მომავლის შექმნას ერთად, პასუხისმგებლობით და სიყვარულით“,- აღნიშნავს დირექტორი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203