„სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც იგი უკავშირდება რეალურ ცხოვრებას“ - ხათუნა გვიჩიანი, წალკის N1 და კოხტის საჯარო სკოლების პედაგოგი
02-03-2026

„ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა სურვილმა, ვყოფილიყავი ის ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ ასწავლის, არამედ შთააგონებს“ - აღნიშნავს ხათუნა გვიჩიანი, წალკის N1 და კოხტის საჯარო სკოლების რუსული ენისა ლიტერატურის პედაგოგი, რომელიც მოსწავლეთა აღზრდა-განათლებას გულანთებული ემსახურება.  მოსწავლეებს ცოდნასთან ერთად ღირებულებებს ასწავლის, მათთვის მხარდამჭერ გარემოს უზრუნველყოფს და წარმატებისკენ უბიძგებს. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს  წალკის N1 და კოხტის საჯარო სკოლების პედაგოგი ხათუნა გვიჩიანი პასუხობს.

- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...

- მას ვაძლევთ არჩევანის უფლებას, ვანდობთ საქმეს და შედეგზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ, ვასწავლით, რომ თითოეულ გადაწყვეტილებას აქვს შედეგი.

- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...

- მისი შესაძლებლობების რწმენა, მხარდაჭერილი გარემო და მასწავლებლის გულწრფელი წახალისება.

- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...

- ღირებულებებს, კრიტიკულ აზროვნებას, თანამშრომლობის უნარს და საკუთარ თავში რწმენას, სითბოს, უსაფრთხო სივრცეს, ოცნების გაბედულებას და საკუთარი თავის აღმოჩენის შესაძლებლობას.

- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...

- ის ქმნის ემოციურად უსაფრთხო გარემოს, სადაც სწავლა და პიროვნული ზრდა ბუნებრივად და თავისუფლად მიმდინარეობს. ხშირად სწორედ მეგობარი ხდება ის ძალა, რომელიც რთულ დღეს ნათელს ანთებს.

- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...

- იგი უკავშირდება რეალურ ცხოვრებას, მოსწავლის ინტერესებს და მოიცავს აქტიურ მონაწილეობას, თვალები ინთება, კითხვები ჩნდება და გაკვეთილი მხოლოდ წიგნში აღარ რჩება - ის ცხოვრებაში გადადის.

- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს....

- დამოუკიდებლად აზროვნებისა და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღების უნარი. საკუთარ თავში რწმენის შენარჩუნების უნარი, მაშინაც კი, როცა გზა რთულია.

-  ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...

- სურვილმა, ვყოფილიყავი ის ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ ასწავლის, არამედ შთააგონებს და ცხოვრების გზაზე მიმართულებას აძლევს. სურვილმა, ყოველდღე მქონოდა შესაძლებლობა, ერთი პატარა გული უფრო თამამი და ერთი პატარა გონება უფრო ცნობისმოყვარე გამეხადა.

„მასწავლებლობა პროფესია კი არა, ყოველდღიური შანსია - ვიღაცის მომავალში სინათლე აანთო“

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203