
ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღეს არაერთი აქტივობით გამოეხმაურნენ.
მოსწავლე-მასწავლებლებმა 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს და აღნიშნეს, რომ 1921 წლის 25 თებერვალს დაიწყო ჩვენი ქვეყნის გასაბჭოების 70-წლიანი მძიმე პერიოდი. 105 წლის წინ, საქართველომ დაკარგა სამწლიანი დამოუკიდებლობა. საბჭოთა რუსეთის მიერ ქვეყნის ანექსიას წინ უძღოდა კოჯორსა და ტაბახმელასთან გამართული გმირული ბრძოლები.
ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში 25 თებერვალს დაშვებული იყო სახელმწიფო დროშები.
წუთიერი დუმილით მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და სკოლის ყველა თანამშრომელმა პატივი მიაგო საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს.
სკოლის მოძღვარმა, დეკანოზმა დიმიტრი სარჯველაძემ, გადაიხადა მათი სულის მოსახსენებელი პანაშვიდი, რომელსაც XI-XII კლასების მოსწავლეები ესწრებოდნენ.
საბაზო და საშუალო საფეხურის ყველა კლასში პედაგოგებმა ისაუბრეს საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის და საბჭოთა ოკუპაციის შესახებ.
ჩატარდა თემატური გაკვეთილები, სადაც მოსწავლე-მასწავლებლებმა გაიხსენეს გმირი იუნკრები, მარო მაყაშვილი და სხვები.
„მიუხედავად იმისა, რომ იმ დღეს ქვეყანაში საბჭოთა რეჟიმი დამყარდა, ქართველი ხალხის თავისუფლების წყურვილი არასოდეს განელებულა! ჩვენ ვაფასებთ წინაპართა სისხლით მოპოვებულ თავისუფლებას! დღეს ჩვენ ვსწავლობთ წარსულს, რათა უკეთ ავაშენოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი!“,- აღნიშნეს ერთხმად მოსწავლეებმა.
იხილეთ ვიდეო: