სკოლა, რომელიც ქალაქის ისტორიას გვიყვება - თეოფანე დავითაიას სახელობის ფოთის №1 საჯარო სკოლის საუკუნოვანი გზა
26-02-2026

ქალაქ ფოთიში, აკაკის ქუჩაზე მდებარე თეოფანე დავითაიას სახელობის №1 საჯარო სკოლა ქალაქის ისტორიის ცოცხალი ქრონიკაა. მისი დაარსება და განვითარება მჭიდროდ ერწყმის ფოთის, როგორც სანავსადგურო ქალაქის, ეკონომიკურ და კულტურულ აღმავლობას, განათლების სისტემის ჩამოყალიბებასა და საზოგადოებრივი ცხოვრების ფორმირებას. სკოლას არაერთი სახელოვანი პიროვნება აღუზრდია, რომელთა შორის არიან - ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ჩიტაია, შალვა ამირანაშვილი, პავლე ინგოროყვა და თეოფანე დავითაია, ალიო მირცხულავა, როდიონ ქორქიამ და სხვა ცნობილი საზოგადო მოღვაწეები. ფოთის N1 სკოლა დღესაც ქალაქის ერთ-ერთ მთავარი საგანმანათლებლო ცენტრია და ღირსეულად აგრძელებს საუკუნოვან ისტორიას. 

სკოლის დირექცია გვიზიარებს სკოლის საუკუნოვანი ისტორიის ქრონიკებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

„ქალაქ ფოთში, აკაკის ქუჩაზე მდებარე თეოფანე დავითაიას სახელობის No1 საჯარო სკოლა ერთ-
ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო კერაა, რომლის ისტორია საუკუნეზე მეტს

ითვლის. ეს საგანმანათლებლო დაწესებულება მჭიდროდ უკავშირდება ქალაქის განვითარებისა და განათლების სისტემის ჩამოყალიბების პროცესს.

ქალაქი ფოთი 1858 წლის 18 ნოემბერს რუსეთის იმპერიის გადაწყვეტილებით, სანავსადგურო ქალაქად გამოცხადდა, დაიწყო მისი ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული აღმავლობა. 1863 წელს ნავსადგურის მშენებლობამ ქალაქს ახალი პერსპექტივები გაუხსნა. ამ ცვლილებებმა წარმოშვა განათლებული კადრების საჭიროება, რის გამოც 1867 წლის სექტემბერში ფოთში გაიხსნა ორწლიანი დაწყებითი სასწავლებელი, სადაც სწავლება რუსულ ენაზე მიმდინარეობდა.
დროთა განმავლობაში სასწავლებელმა არაერთი სახელი და სტატუსი გამოიცვალა: იყო სამაზრო სასწავლებელი, ექვსკლასიანი სკოლა, საბჭოთა შრომის სკოლა, პოლიტექნიკური ათწლედი და სხვა. 1944 წლიდან იგი საშუალო სკოლად ჩამოყალიბდა (იმ პერიოდში მხოლოდ გოგონებისთვის), ხოლო 1954 წლიდან სკოლაში თანასწორად დაიწყეს სწავლა ვაჟებმაც და გოგონებმაც. 1963 წელს მოსწავლეთა რაოდენობის ზრდის გამო მეორე კორპუსიც აშენდა.

სკოლის განვითარებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა ქალაქის თავმა, ნიკო ნიკოლაძემ. მისი ინიციატივით 1898 წელს დაისვა საკითხი ახალი, ორსართულიანი ქვის შენობის აგების შესახებ. შენობას საძირკველი ჩაეყარა 1902 წლის 20 ივნისს, საძირკვლის ჩაყრის პროცესს ესწრებოდა თავად ნიკო ნიკოლაძეც.

სკოლამ მრავალი ცნობილი პიროვნება აღზარდა. მის კედლებში სწავლობდნენ ისეთი გამოჩენილი მეცნიერები და მოღვაწეები, როგორებიც არიან ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ჩიტაია, შალვა ამირანაშვილი, პავლე ინგოროყვა და თეოფანე დავითაია. აქვე განათლება მიიღეს პოეტმა ალიო მირცხულავამ, მწერალმა როდიონ ქორქიამ და სხვა ცნობილმა საზოგადო მოღვაწეებმა.

1981 წელს სკოლას მიენიჭა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, ქართველი გეოგრაფისა და კლიმატოლოგის - თეოფანე დავითაიას სახელი, ამით ხაზგასმულ იქნა ის ფაქტი, რომ სწორედ ამ სკოლამ დაუდო საფუძველი მისი სამეცნიერო და საზოგადოებრივი საქმიანობის დიდ გზას.

თეოფანე დავითაიას სახელს უკავშირდება გეოგრაფიული მეცნიერების მნიშვნელოვანი მიღწევები საქართველოში, „იგი იმ ქართველ მეცნიერთა პლეადას ეკუთვნის, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს მეცნიერებისა და ზოგადსაკაცობრიო იდეების განვითარებაში“.

სკოლის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დამსახურებულ პედაგოგს, ფოთის საპატიო მოქალაქეს, ქალბატონ თინა ჭოჭუას. მისი ინიციატივით 1941 წელს სკოლაში შეიქმნა ქიმიის კაბინეტ-ლაბორატორია, რაც იმ დროისთვის მნიშვნელოვანი სიახლე იყო. პროფესიონალიზმი, საქმისადმი ერთგულება და უანგარო შრომა მისი საქმიანობის მთავარი მახასიათებლები გახლდათ. დღეს ქიმიის ლაბორატორია მის სახელს ატარებს და აგრძელებს იმ საგანმანათლებლო ტრადიციებს, რომელსაც თავად ჩაუყარა საფუძველი. აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წლიდან ქიმიის მცირე აუდიტორიას პირველი საჯარო სკოლის მოქმედი პედაგოგის, ქალბატონ ნატრული ტაბიძის სახელი მიენიჭა.
2019 წელს, საქართველოს ბანკის ინიციატივით მოეწყო და დღემდე ფუნქციონირებს საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა, რომელიც ფორმალური და არაფორმალური განათლების მიღების უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა.

2024 წლიდან პროფესიული განათლების ხელმისაწმდომობის გაზრდისა და ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, წარმატებით ხორციელდება ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა („front-end development”). პროგრამა მიზნად ისახავს მოსწავლეებისთვის თანამედროვე ციფრული კომპეტენციების განვითარებასა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებას.
თეოფანე დავითაიას სახელობის N1 საჯარო სკოლა დღესაც რჩება ქალაქ ფოთის ერთ-ერთ მთავარ საგანმანათლებლო ცენტრად, რომელიც ღირსეულად აგრძელებს საუკუნოვან საგანმანათლებლო მისიას. მისი ისტორია ნათლად ასახავს არა მხოლოდ ერთი სკოლის, არამედ მთელი ქალაქის განვითარებისა და განათლების ტრადიციის ფორმირების გზას“. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203