
ნათია კვაჭანტირაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელია, რომელიც ზრუნავს არა მხოლოდ მოსწავლეთა საგნობრივ ცოდნაზე, არამედ მათ პიროვნულ განვითარებაზე.
მისი თქმით, სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც მასწავლებელს პოზიტიური კომუნიკაცია აქვს მოსწავლეებთან. ამ პრინციპით ხელმძღანელობს და ბავშვებს მათ საჭიროებებზე მორგებულ სასწავლო პროცესს სთავაზობს.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ნათია კვაჭანტირაძე პასუხობს.
- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...
- ის პირველად შემოდის სკოლაში. პასუხისმგებლობა ხომ ადამიანს შეგნებულსა და გაწონასწორებულ პიროვნებად აყალიბებს.
- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...
- კარგად შემუშავებული სასწავლო რეჟიმი და სურვილი, რომ იყოს წარმატებული.
- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...
- ცოდნის გარდა სკოლამ მოსწავლეს უნდა მისცეს პიროვნული განვითარების, დროის მართვისა და კომუნიკაციის კულტურა. უნდა ვასწავლოთ საკუთარი ემოციების მართვა. სკოლა უნდა იყოს ადგილი, სადაც ხდება არა მხოლოდ აკადემიური, არამედ პიროვნული ზრდა და სოციალიზაცია.
- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...
- მეგობრობა სასკოლო გარემოსა და პიროვნულ განვითარებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. მეგობრული ურთიერთობები თანაკლასელებს შორის პოზიტიურ ატმოსფეროს ქმნის. მეგობრული გარემო ხომ ბულინგის რისკს ამცირებს.
- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...
- მასწავლებელს პოზიტიური კომუნიკაცია აქვს მოსწავლეებთან. აუცილებელია ბავშვის საჭიროებებზე მორგებული გარემო, სადაც ის ბედნიერად იგრძნობს თავს.
- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს....
- ეს არის თანამშრომლობითი უნარი, როგორც თანატოლებთან, ასევე უფროსებთან.
- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...
- რა თქმა უნდა, დედამ, რომელიც ასევე პედაგოგია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დედის დღე მივულოცო მას და სრულიად საქართველოს დედებს.