რუსთავის N3 სკოლის მოსწავლეებმა სტიქიური პროცესები და ერთ-ერთი მასშტაბური თანამედროვე კატასტროფა საინტერესო პროექტით შეისწავლეს და გააანალიზეს 
25-02-2026

რუსთავის N3 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ახლახან, მე-10 კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს საგანმანათლებლო პროექტი თემაზე - „სტიქიური მოვლენები, მიწისძვრა და მიწისძვრა თურქეთში“, რომლის მიზანი იყო სტიქიური პროცესების სიღრმისეული შესწავლა და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თანამედროვე კატასტროფის გაანალიზება.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები უკეთ გაეცნენ მიწისძვრის წარმოქმნის პროცესს, შეისწავლეს ლითოსფერული ფილების მოძრაობა და ტექტონიკური ზონები,  დაადგინეს თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამომწვევი მიზეზები,  გააანალიზეს მისი სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი შედეგები, გაიღრმავეს ცოდნა სტიქიური მოვლენების მართვისა და პრევენციის საკითხებში.

კვლევისას მოსწავლეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს 2023 წელს თურქეთში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას. კატასტროფა დაკავშირებული იყო ანატოლიურ ტექტონიკურ ზონასთან, სადაც არაბეთისა და ევრაზიის ფილების მოძრაობა ძლიერ სეისმურ აქტივობას იწვევს.

მოსწავლეებმა გააანალიზეს:

  • მიწისძვრის მაგნიტუდა და ეპიცენტრი;
  • შენობების ნგრევის მიზეზები;
  • ადამიანური დანაკარგი;
  • სამაშველო ოპერაციების მასშტაბი;
  • საერთაშორისო დახმარების მნიშვნელობა.

პროექტი არ შემოიფარგლა მხოლოდ თეორიული სწავლებით. მე-10 კლასის მოსწავლეებმა: მოამზადეს თემატური პრეზენტაციები მიწისძვრის პროცესებსა და მოვლენებზე,  შექმნეს მცირე ზომის საინფორმაციო ვიდეოები თურქეთის მიწისძვრის შესახებ, 
ერთმანეთს გაუზიარეს მოპოვებული და შესწავლილი ინფორმაცია, იმსჯელეს, როგორ უნდა მოვიქცეთ მიწისძვრის დროს უსაფრთხოების მიზნით.

პროექტის შედეგად მოსწავლეებმა არა მხოლოდ გაიღრმავეს ცოდნა გეოგრაფიასა და ბუნებრივ პროცესებზე, არამედ განივითარეს:

  • კვლევითი უნარები;
  • კრიტიკული აზროვნება;
  • გუნდური მუშაობის კულტურა;
  • პრეზენტაციისა და ინფორმაციის გაზიარების უნარი.

„მათი მუშაობა ნათლად წარმოაჩენს, რამდენად მნიშვნელოვანია სტიქიური მოვლენების ცოდნა თანამედროვე მსოფლიოში. მსგავსი პროექტები ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას და მომავალი თაობის მზადყოფნას ბუნებრივი გამოწვევების წინაშე.

მე-10 კლასის პროექტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სწავლა მხოლოდ თეორია არ არის - ეს არის ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება, კვლევა და პასუხისმგებლობის გაზიარება საზოგადოების წინაშე“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს კიდევ არაერთ საინტერესო და სასწავლო-შემეცნებით პროექტს ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203