ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ესესთან დაკავშირებით Naec განმარტებას აკეთებს
06-07-2018
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის IV ვარიანტის ესესთან დაკავშირებით განმარტებას აქვეყნებს. 

როგორც ცნობილია, გუშინ აბიტურიენტებმა არგუმენტირებული ესე დაწერეს ტერორიზმის თემაზე სათაურით - ტერორიზმი არის რთული სოციალური თუ პოლიტიკური პრობლემების გადაჭრის უკიდურესი საშუალება.


აბიტურიენტების ნაწილის თქმით, „ტერორიზმის“ განმარტება ორაზროვნად იყო მოყვანილი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სწორედ აბიტურიენტების მოსაზრებებს ეხმიანება.

მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დავალება ყველა თვალსაზრისით კორექტულია, ცხადია, თუ განგებ არ დავანაწევრებთ და ფრაგმენტებს არასწორი აქცენტებით არ გავავრცელებთ.

გთავაზობთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებას:

„ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტში თემები არგუმენტირებული ესესათვის პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე შეირჩა. 

აბიტურიენტებს მოეთხოვებოდათ ტოლერანტობის, ქსენოფობიის, დისკრიმინაციისა და ტერორიზმის შესახებ მსჯელობა. ამ ტიპის დავალების მიზანი აბიტურიენტის კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის უნარის შეფასებაა. 

რაც შეეხება ტესტის IV ვარიანტს, ეს დავალება ყველა თვალსაზრისით კორექტულია, ცხადია, თუ განგებ არ დავანაწევრებთ და ფრაგმენტებს არასწორი აქცენტებით არ გავავრცელებთ.

ტერმინის განმარტება დავალების განუყოფელი ნაწილია, განმარტებაში გამოკვეთილია პრობლემის ის ასპექტი, რომელიც დავალების შესრულებაში ეხმარება აბიტურიენტს. 

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მხოლოდ დავალების ნაწილის განხილვა და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფორმით საზოგადოებისათვის მიწოდება, სულ ცოტა, არასწორი და არაობიექტურია. 

კითხვას, რამდენად ადეკვატურად გაიგეს აბიტურიენტებმა დავალება, პასუხს გასცემს აბიტურიენტთა ნაშრომები.

დავალების ფრაგმენტით ვნებათაღელვის გამოწვევა კი ნაკლებად სავარაუდოა, აბიტურიენტების ინტერესების გამო ხდებოდეს. 

რაც შეეხება დავალების წყაროს: Civil – ენციკლოპედიური ლექსიკონი („...ტერორიზმი წარმოადგენს ბევრად უფრო ფართო და რთული სოციალური, ეკონომიკური, იდეოლოგიური თუ პოლიტიკური პრობლემების ნაკრების გამოვლენას, შეიძლება ითქვას – წარმოადგენს ამ პრობლემების გადაჭრის ექსტრემალურ საშუალებას“) 

დავალების სრულად გაეცნობისა და ობიექტურად შეფასებისათვის გთავაზობთ ბმულს,“ -აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203