
„შრომის ბაზრის ანალიზმა გამოავლინა, რომ 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს ყოველწლიურად უნივერსიტეტებში“, - აღნიშნულის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე, შრომითი ბაზრის კვლევის პრეზენტაციისას განაცხადა.
„დასაქმების მხრივ ყველაზე დიდი მოთხოვნა მასწავლებლებზეა“... - შრომის ბაზრის კვლევის შედეგები
„მთლიანობაში რომ შევხედოთ მონაცემებს, რაც გამოავლინა შრომის ბაზრის ანალიზმა, რეალურად, ამ მონაცემების მიხედვით დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად. ანუ თუ ჩვენ მკაცრად გავყვებით შრომითი ბაზრის მოთხოვნებს, მაჩვენებელი არის 14 400. თუმცა საბოლოო ჯამში როცა კვოტები გადანაწილდა ჩვენ გავთვალეთ 5 წლიანი პერსპექტივა და მხედველობაში მივიღეთ დღეს არსებული გარემოებები. მაგალითად სამართლის სპეციალობა რომ ავიღოთ, 3600 აბარებს და მოთხოვნა არის 700 იურისტზე. თუმცა მოთხოვნა იმდენად მაღალია, შეუძლებლია ამას ანგარიში არ გავუწიოთ. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეტაპობრივად ჩამოვიდეთ ამ მაჩვენებელზე. არა მკვეთრად, რომ არ გამოვიწვიოთ მკვეთრი წინააღმდეგობა აბიტურიენტებში არსებულ მოთხოვნასა და ჩარიცხვებს შორის, ჩვენ გადავწყვითეთ ეტაპობრივად გადავიდეთ, შესაბამისად 3600-დან ჩამოვდივართ არა 700-ზე, არამედ ჩამოვდივართ 1500-ზე და შემდგომ ეტაპობრივად იქნება უზრუნველყოფილი მონაცემების დაბალანსება. იგივე შეეხება სხვა სპეციალობებსაც...
ჩვენ გვაქვს მონაცემები, რომელიც გვეუბნება რომ საჭიროა წესით 14 400 სტუდენტის ჩარიცხვა უმაღლესში, მაგრამ არსებული ფაქტორების გათვალისწინებით საბოლოო ჯამში დაახლოებით 21 300 სტუდენტზე გამოცხადდება მიღება. შესაბამისად 50%-ით ვაჭარბებთ იმ ოპტიმალურ მაჩვენებელს რაც მოგვცა შრომის ბაზრის ანალიზმა. ეტაპობრივად უნდა ვიზრუნოთ მონაცმებთან სრულ დაახლოებაზე“, - აღნიშნა კობახიძემ.