მორიგი წარმატებული ნაბიჯი თანამედროვე განათლების მიმართულებით - არხილოსკალოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ციფრულ არტ-პროექტში მონაწილეობდნენ
23-02-2026

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული ნაბიჯი გადაიდგა თანამედროვე განათლების მიმართულებით.

კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელმა, ეკატერინე ჩიტაურმა მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ეროვნულ ციფრულ არტ-პროექტში - „გააცოცხლე გმირი“.

პროექტის ფარგლებში V-IX კლასის მოსწავლეებმა ისტორიული და ლიტერატურული გმირები თანამედროვე ციფრულ ფორმატში გააცოცხლეს ხელოვნური ინტელექტის, გრაფიკული დიზაინისა და ინოვაციური ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებით. ეს არ ყოფილა მხოლოდ ნამუშევრის შექმნა. ეს იყო კვლევის, ანალიზის, შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული ციფრული უნარების ერთიანი და გააზრებული პროცესი.

პედაგოგმა ეკატერინე ჩიტაურმა პროფესიონალურად წარმართა მოსწავლეთა მომზადება, ხელი შეუწყო იდეების განვითარებას, თითოეული ნამუშევრის დახვეწასა და ხარისხიან შესრულებას. მოსწავლეებმა შექმნეს ორიგინალური AI-ნამუშევრები, განავითარეს კრიტიკული აზროვნება, ციფრული კომპეტენციები და საჯარო წარდგენის კულტურა.

პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, 21 თებერვალს ინიციატივა მიწვეული იყო საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტში, სადაც გაიმართა შეხვედრა თემაზე -„განათლების კოჰაბიტაცია: სკოლა × უნივერსიტეტი × ხელოვნური ინტელექტი“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, უნივერსიტეტის აკადემიურ სივრცეში წარმოდგენილმა ნამუშევრებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ტექნოლოგიების ინტეგრირება სასწავლო პროცესში ქმნის რეალურ შედეგებს და მოსწავლეებს აძლევს ახალ შესაძლებლობებს იფიქრონ ფართოდ, იმოქმედონ შემოქმედებითად და იდგნენ თანამედროვე გამოწვევების სიმაღლეზე.

კონკურსის დასრულების შემდეგ, საქართველოს მასშტაბით, მონაწილე ყველა მოსწავლეს გადაეცა ოფიციალური სერტიფიკატი მათი შრომისა და ჩართულობის ღირსეული აღიარება.

„განსაკუთრებით სასიამოვნოა იმ გაბრწყინებული თვალების ხილვა, რომლებიც ამ გამოცდილებამ კიდევ უფრო თავდაჯერებულ და მოტივირებულ ახალგაზრდებად აქცია. განსაკუთრებული მადლობა საგანმანათლებლო ტექნოლოგიის გუნდს და ქალბატონ თეა მეფარიშვილს ინიციატივისა და მხარდაჭერისთვის, შესაძლებლობისთვის, რომელმაც ჩვენს მოსწავლეებს ეროვნული და საუნივერსიტეტო სივრცეში ღირსეული წარდგენის საშუალება მისცა“,- აღნიშნავენ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში.

სკოლის დირექტორი მაია სიმონიძე და სკოლის დირექცია გულითად მადლობას უხდიან კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელს ეკატერინე ჩიტაურს პროფესიონალიზმისა და ინოვაციური მიდგომებისთვის, ხოლო მოსწავლეებს აქტიურობისთვის, პასუხისმგებლობისთვის და ღირსეული წარმომადგენლობისთვის.

„არხილოსკალოს საჯარო სკოლა მომავალშიც გააგრძელებს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ინოვაციური პროექტების განხორციელებას, რადგან გვჯერა, რომ განათლების, ხელოვნური ინტელექტისა და შემოქმედების ჰარმონიული ერთიანობა სწორედ ის გზაა, რომელიც მომავალს ქმნის“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203