კოდირების, ალგორითმული აზროვნებისა და ჯანსაღი კონკურენციის წარმატებული გამოცდილება - არხილოსკალოს საჯარო სკოლაში პროექტი - „ცოდნის ძალა“ განხორციელდა
20-02-2026

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში V და VI კლასის მოსწავლეებთან, კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლების ფარგლებში, წარმატებით განხორციელდა პროექტი „ცოდნის ძალა, რომელიც ეფუძნებოდა საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმის Code.org-ის გამოყენებას.

პროექტს ხელმძღვანელობდა კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი, ეკატერინე ჩიტაური და იგი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში თანამედროვე ციფრული უნარების, განსაკუთრებით კი ალგორითმული აზროვნებისა და კოდირების საფუძვლების განვითარებას.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეები გაეცნენ, თუ რას ნიშნავს ალგორითმი, როგორ უნდა დაიგეგმოს მოქმედება ნაბიჯობრივად და როგორ გადაიქცევა ეს ნაბიჯები კოდად. Code.org-ის პრაქტიკული გარემო დაეხმარა მოსწავლეებს, საკუთარი თვალით ენახათ, როგორ მუშაობს კოდი, როგორ რეაგირებს პროგრამა მათ მიერ დაწერილ ბრძანებებზე და როგორ შეიძლება შეცდომის პოვნა და გამოსწორება. ამ პროცესმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მათში ლოგიკური აზროვნების, პრობლემის გადაჭრისა და ანალიტიკური უნარების განვითარებას.

პროექტის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მოტივაციური ეტაპი იყო კლასთაშორისი შეჯიბრი კოდის წერაში, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ V და VI კლასის გუნდები. შეჯიბრის მიზანი იყო Code.org-ზე მოცემული ტურების მაქსიმალურად სწორად და სწრაფად შესრულება, რაც მოითხოვდა არა მხოლოდ ცოდნას, არამედ კონცენტრაციას, ყურადღებასა და სწორი სტრატეგიის გამოყენებას. მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ პროცესში, გამოავლინეს მაღალი პასუხისმგებლობა და ერთმანეთის მხარდაჭერა. ორივე გუნდი წარმატებით ასრულებდა დავალებებს, აჩვენა კოდის წერის კარგი უნარი, ლოგიკური მსჯელობა და მიზანმიმართული მუშაობა.

შეჯიბრის შედეგების შეჯამებისას გამოვლინდა, რომ ორივე კლასში არსებობდა აქტიური, მოტივირებული და მაღალი შედეგის მქონე გუნდები, რომლებმაც განსაკუთრებული მონდომებით და წარმატებით შეასრულეს დავალებები. სწორედ ამიტომ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ორივე აქტიურ გუნდს გადაეცემოდა სერტიფიკატი, როგორც მათი შრომის, პასუხისმგებლობისა და მიღწეული შედეგის აღიარება. აღნიშნულმა ნაბიჯმა კიდევ უფრო გააძლიერა მოსწავლეთა მოტივაცია და მათში წარმატების განცდა.

პროექტის განხორციელებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მოსწავლეებში ციფრული წიგნიერების, დამოუკიდებელი აზროვნების, თანამშრომლობისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში. მოსწავლეებმა ისწავლეს, როგორ იმუშაონ გუნდურად, როგორ დაგეგმონ საკუთარი მოქმედება, როგორ იპოვონ შეცდომა და როგორ მიაღწიონ მიზანს თანმიმდევრული მუშაობით.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში ალგორითმის სწორად წერის კულტურის ჩამოყალიბებას, რაც პროგრამირების საფუძველია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში.

ისაუბრეს შესრულებულ სამუშაოზე, მიღებულ გამოცდილებასა და მიღწეულ შედეგებზე. მათი თავდაჯერებულობა, მოტივაცია და მიღწეული პროგრესი ნათლად აჩვენებდა, რომ პროექტმა მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა მოახდინა მათ განვითარებაზე.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელს, ქალბატონ ეკატერინე ჩიტაურს, პროფესიონალიზმისთვის, ინიციატივისა და პროექტის წარმატებით დაგეგმვა-განხორციელებისთვის.

„ასევე მადლობა V და VI კლასის მოსწავლეებს პასუხისმგებლობისთვის, აქტიური ჩართულობისთვის და მიღწეული წარმატებისთვის.

გვჯერა, რომ მსგავსი პროექტები ხელს უწყობს მოსწავლეთა ციფრული უნარების განვითარებას, ტექნოლოგიებისადმი ინტერესის გაღვივებას და მათ მომზადებას თანამედროვე, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მომავლისთვის. ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს კიდევ ბევრ წარმატებას ცოდნისა და განვითარების გზაზე!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203