რა შემთხვევაში შეიძლება გაუუქმდეს პირველკლასელს რეგისტრაცია - დეტალები და განმარტებები 
22-02-2026

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ცვლილებები უკვე ცნობილია - დაემატა მესამე „ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის“ ეტაპი, რომლის მიზანს მოსწავლეთათვის საცხოვრებელ (რეგისტრაციის) ადგილთან ახლომდებარე საჯარო სკოლაში ჩარიცხვის შესაძლებლობის გაზრდა წარმოადგენს.

თუმცა ამჟამად 2 მარტის ჩათვლით, სკოლებში რეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; პროცედურულად, მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას.

სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, რის შემდეგაც სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტების მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს.

განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა განმარტა, რომ განაცხადის წარდგენის შემდეგ ბავშვთან მუშაობას იწყებენ ფსიქოლოგები:

მულტიგუნდი, ფსიქოლოგებისგან დაკომპლექტებული, სწავლობს, არის თუ არა ბავშვი სპეციალური საჭიროების მქონე და რა მომსახურება დასჭირდება მას სკოლაში“, - განაცხადა მახარაშვილმა;

ზოგადი განათლების კანონში შესული ცვლილების თანახმად კი, თუ მშობელი ფსიქოლოგთა შეფასებაზე უარს იტყვის, ეს შესაძლოა გახდეს რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი:

ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნით, პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დაუდგენლობა, ასევე პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის მიზეზით პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეუფასებლობა, არის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი“, - ნათქვამია კანონში.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203