ლექსები დედაზე - მოსწავლეებისა და ბაღის აღსაზრდელებისთვის
23-02-2026
გაზაფხულის დადგომისთანავე 3 მარტს, დედების დღე აღინიშნება. ალბათ, ყველა ზრდასრულ ადამიანს ახსოვს, დედასთან იებით ხელში, როგორ გარბოდა ამ დღის მისალოცად... ბავშვები და უფროსებიც 3 მარტს მოუთმენლად ელიან, რადგან ამ ქვეყნად, ყველაზე სანუკვარ ადამიანს - დედას, კიდევ ერთხელ მიულოცონ და სიყვარული, პატივისცემა გამოხატონ.

3 მარტთან დაკავშირებით, etaloni.ge გთავაზობთ, ლექსებს, რომლებიც დედის დღესთან დაკავშირებით უფროსებსაც და პატარებსაც გამოადგებათ.
 
გაზაფხული
(ნონა ბეჟანიშვილი) 

გაიღვიძა ციცქნა იამ, შეისწორა ბაფთა.
ენძელას კი ჩაუცვია თეთრი, ნაზი კაბა,
ყოჩივარდამ გადაისვა ვარდისფერი პუდრი,
სურნელებამ გააბრუა, ნაზ პეპლების გუნდი...
გაპრანჭულან სათითაოდ,
დიდი ჟრიამული აქვთ,
გვირილებს ელოდებიან,
თითქოს სადღაც მიდიან.
აი მერცხალიც გამოჩნდა,
ნისკარტით აქვს ბარათი:
„დედის დღეა“ გილოცავთო,
გამალებით დაგვძახის.
 
დე, დედიკო, დედა
(ნათია აბულაძე)

შენ ხარ ჩემი სული, გული
სილამაზე, მზე და
უდიდესი სიყვარული
დე, დედიკო, დედა.

შენი რწმენით სავსე ლოცვის
მადლი სულ თან მდევს და
მაძლიერებს, სითბოდ მოდის
დე, დედიკო, დედა.
 
 
დედა
(ნატალია ნადირაშვილი )
 
შენი ჩახუტება ყველაზე ტკბილია,
არ მიყვარს, როცა ვერ გხედავ,
შენი გულისტკენაც თითქოს ადვილია,
მინდა მომეფერო დედა.
დღედაღამ ფუსფუსებ, დღედაღამ მხარს მიჭერ,
როგორ არ იღლები ნეტა,
დარდსა და საფიქრალს ახლოს არ მაკარებ,
ჩემო საყვარელო დედა.
რაც მეტი დრო გადის, სულ უფრო მჭირდები,
სულ უფრო მეტად და მეტად,
შენი ჩახუტება ყველაზე ტკბილია,
მინდა დიდხანს მყავდე, დედა.
 

დედას

(ქეთი კვიტატიანი)

დე, ძალიან მშია,
დე, მაჭამე რამე,
დე, დავკარგე წიგნი,
თავთან მედო ღამე...

დე, სად არის ქუდი?
გამეყინა თავი...
გამირეცხე ჰუდი?
დღეს ვერ წავალ ამით...

დე, მწყურია ისე...
ის კომპოტი მინდა,
დაშაქრული ვაშლით
ჩვენი ეზოს ხიდან.

დე, სადა ხარ, მოდი,
მე ვერ შევძლებ განა?
მაგრამ სხვაგვარად ჟღერს:
„დედამ მომიტანა!“

დედამ გამიკეთა!
დედამ შემიკერა!
დედამ მომიმზადა!
ნახე, თუ არ გჯერა...

როგორ დაშრიალებს,
დედაჩემი სახლში,
გვეფერება ყველას,
სითბო უდგას ხმაში. 

გეგონება მზეა,
ან ფარფატა გედი,
როგორ ასწრებ ამდენს,
საყვარელო დედი?..

 
 დედა
(ავთანდილ მეგრელიშვილი)
 
დედის ხმაზე უფრო ტკბილი,
ხმა არც მწამს, არც მეგულება;
დედის გულზე უფრო ცხელი,
გული არსად მეგულება;
დედის სულზე უფრო სუფთა
სული არსად მეგულება;
დედის თვალზე უფრო სათნო,
თვალი არსად მეგულება.
დედა არის სიყვარული,
სიცოცხლე და ერთგულება!...
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203