მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ეკატერინე ხუციშვილი, ინკლუზიური განათლების პროგრამის ფარგლებში ჟესტური ენის შემსწავლელი კურსის მონაწილეებს შეხვდა.
ეკატერინე ხუციშვილმა ჟესტური ენის, როგორც ადამიანთა შორის ურთიერთობისა და განათლების მიღების ერთ-ერთი საშუალების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამასთანავე, ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სხვადასხვა მხარდამჭერ პროგრამაზე, რომელიც ხელს უწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფას და საზოგადოებაში ინტეგრაციას.
„ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ჟესტური ენის შემსწავლელი კურსი განკუთვნილია სმენის დარღვევის მქონე პირების, მათთან მომუშავე აღმზრდელებისა და მასწავლებლებისთვის, ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ვინც დაკავშირებულია სმენადაქვეითებული პირების განათლებასა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობასთან.
სასწავლო კურსი ტარდება პირისპირ ფორმატში. სამსაფეხურიანი პროგრამა მოიცავს 180 საკონტაქტო საათს. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.