
თბილისის N103 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და მოსწავლეებს წიგნთან მეგობრობას ასწავლიან.
4 თებერვალს საქართველოში უკვე მეთერთმეტედ აღინიშნება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე.
წიგნის პოპულარიზაციისა და კითხვის კულტურის დამკვიდრების მიზნით, მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდნენ თბილისის N103 საჯარო სკოლის მე-3 კლასელები, პედაგოგ ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით.
პედაგოგის თქმით, ღონისძიება ხელს შეუწყობს ბავშვების ინტელექტუალურ განვითარებას და მომავალში აქტიურ მკითხველებად ჩამოყალიბებას.
ღონისძიების ფარგლებში, პედაგოგმა მოსწავლეებს დაახვედრა სასიამოვნო გარემო და წაუკითხა ო, ჰენრის მოთხრობა - „უკანასკნელი ფოთოლი“. ეს არის საოცარი ამბავი მეგობრობაზე, ზრუნვაზე, თავგანწირვასა და ადამიანურ ურთიერთობებზე.
პარალელურად ბავშვებმა უყურეს ვიდეომასალას, სვამდნენ და პასუხობდნენ კითხვებს, გამოთქვამდნენ ვარაუდებს, შეაფასეს და დაახასიათეს პერსონაჟები, გაიხსენეს მსგავსი მზრუნველობის შემთხვევები პირადი ცხოვრებიდან და მოთხრობის მთავარი სათქმელიც დაასახელეს.
ასევე, მოსწავლეებმა დიდი ინტერესით წაუკითხეს ერთმანეთს ამონარიდები საყვარელი წიგნებიდან.
ღონისძიების ხელმძღვანელი მადლობას უხდის სკოლის დირექტორ არჩილ ჩხაიძესა და მშობლებს მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის.
წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა. საქართველოში, წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართული დღე, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის (GPBA) ინიციატივით, ყოველწლიურად აღნიშნება. კამპანიის სლოგანია - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: