პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეიდან, 18 თებერვლიდან დაიწყო - ყველა მნიშვნელოვანი სიახლე და დეტალი, რაც უნდა იცოდეთ
18-02-2026

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განისაზღვრა.

ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების მიხედვით პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი.

2026-2027 სასწავლო წლიდან ცვლილება შედის პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესშიც. საყოველთაო რეგისტრაციის დაწყების ეტაპამდე, დაემატა მესამე „ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის“ ეტაპი, რომლის მიზანს მოსწავლეთათვის საცხოვრებელ (რეგისტრაციის) ადგილთან ახლომდებარე საჯარო სკოლაში ჩარიცხვის შესაძლებლობის გაზრდა წარმოადგენს.

„ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის“ ეტაპში ჩართული იქნება 12 ქალაქი  – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, რომლებიც სასკოლო უბნებად იყოფა და ფოთი, ზუგდიდი, თელავი, ამბროლაური, ახალციხე, ოზურგეთი, მცხეთა და გორი, რომლებიც ადმინისტრაციული საზღვრებით შემოიფარგლება.

ქალაქ თბილისის შემთხვევაში, სასკოლო უბნების ადმინისტრაციულ საზღვრებთან მცხოვრებ მოსწავლეებს, უფლება ექნებათ დარეგისტრირდნენ მომიჯნავე სასკოლო უბნის იმ სკოლებშიც, რომლებიც მათი საცხოვრებელი ადგილიდან დაშორებულია არაუმეტეს 1 კილომეტრით. აღნიშნული მისამართების ნუსხა და შესაბამისი სკოლები, მეტი მოქნილობის მიზნით, განისაზღვრება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მესამე ეტაპზე რეგისტრაცია განხორციელდება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში 2026 წლის 1 აპრილის მდგომარეობით მოსწავლის რეგისტრაციის მისამართის შესაბამისად.

2026-2027 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები: 

I ეტაპი – რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2026 წლის 18 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები.

პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, რის შემდეგაც სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტების მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს.

პირველ ეტაპზე რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენისა და ჩარიცხვის პერიოდია 2026 წლის 4 მარტიდან 17 აპრილის ჩათვლით.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს: ა) ფიზიკური შეზღუდვა; ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; გ) სწავლის უნარის დარღვევა; დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); ე) მეტყველების განვითარების დარღვევა; ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა; ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს; ი) აუტიზმის სპექტრი.

ბავშვებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება საშუალება ექნებათ,  რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე გაიარონ.

II ეტაპი - ამ ეტაპზე მოსწავლეთა რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 2026 წლის 21 აპრილიდან 8 მაისის ჩათვლით განხორციელდება.

ამ ეტაპზე რეგისტრირდებიან ბავშვები:

  • რომელთა და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში;
  • რომელთა მშობელიც სასურველი სკოლის თანამშრომელია;
  • რომელთა ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.

III ეტაპი - ტერიტორიული პრინციპით ონლაინ რეგისტრაცია - 2026 წლის 15 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება;

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.

საჯარო სკოლებში III ეტაპზე ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2026 წლის 27 მაისიდან 12 ივნისის ჩათვლით.

IV ეტაპი - საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია 2026 წლის 15 ივნისიდან დაიწყება და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203