
მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვისა და დაფინანსების წესში ცვლილება შევიდა.
დოკუმენტი ეხება „საქართველოს ეროვნული/ასაკობრივი ნაკრები გუნდის ან საქართველოს ეროვნულ სპორტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებულ სპორტული კლუბის წევრს, რომელიც მონაწილეობს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე, საჭადრაკო ოლიმპიადაზე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ან უმაღლესი რანგის საერთაშორისო საკლუბო სპორტულ ტურნირებზე ან/და მათთან დაკავშირებულ განუყოფელ ღონისძიებებში სპორტის იმ სახეობაში, რომლის შესაბამისი ეროვნული სპორტული ორგანიზაცია აღიარებულია საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ“.
ცვლილებიდან გამომდინარე, წარდგენილ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების შესაბამისობას შეამოწმებს სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტი, სპორტსმენის სტატუსთან შესაბამისობა კი სპორტის სამინისტრო. ხარვეზის არსებობის შემთხვევაში განმცხადებელს განესაზღვრება გონივრული ვადა მის გამოსასწორებლად.
„საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ჩარიცხვის შემთხვევაში , უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, აღიარებს პირობითი სტუდენტის მიერ მოპოვებულ კრედიტებს“, - ნათქვამია დადგენილებაში, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი.