
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი სოფელი ფიროსმანის საჯარო სკოლა წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა.
წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, სკოლაში არაერთი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებები, რომლებიც კითხვის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად, 2 - 4 თებერვალს გაგრძელდა.
საერთაშორისო დღე, რომელიც მიზნად ისახავს კითხვის პოპულარიზაციას, წიგნიერების ამაღლებას და საჯაროდ კითხვის ტრადიციის დამკვიდრებას, მე-7 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენის მასწავლებლის - მზია არაბულის ხელმძღვანელობით აღნიშნეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ჩატარდა პატარა, მაგრამ ძალიან თბილი ღონისძიება.
მე-7 კლასის მოსწავლეებმა კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებები წაიკითხეს მხატვრულად და საკუთარი ხელით დაამზადეს პატარა წიგნები, რომლებშიც თავიანთი ფიქრები, ნახატები და ოცნებები გააცოცხლეს.
„ამ დღემ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ წიგნი არის მეგობარი, რომელიც გვასწავლის
ფიქრს, სიყვარულს და სამყაროს შეცნობას. წიგნი არის გზა ცოდნისკენ და ოცნებებისკენ“,- გვეუბნებიან სკოლაში.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის გზავნილს ინგლისური ენის გაკვეთილზეც შეუერთდნენ მოსწავლეები. აქტივობას ორგანიზება ინგლისური ენის მასწავლებელმა - ლეილა ტარიელაძემ გაუწია.
მოსწავლეებმა საჯაროდ წაიკითხეს, ინგლისურენოვანი წიგნები. როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობის მიზანი იყო კითხვის სიყვარულის გაღვივება, განსაკუთრებით ბავშვებში.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ და გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული.
იხილეთ ფოტოები: