„ერთი ტექსტი ვეშაპებზე იყო, მეორე - ადამიანის ფსიქიკაზე“ - უნარების გამოცდის პირველი სესიის საკითხები
დღეს აბიტურიენტები ზოგად უნარებში აბარებენ გამოცდას. პირველი სესია უკვე დასრულდა და გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები Etaloni.ge-სთან ზოგადი უნარების გამოცდის საკითხებს იხსენებენ და საგამოცდო ცენტრებში არსებულ პირობებზე ამახვილებენ ყურადღებას.
„დროზე ადრე გამოვედი, რაც ვიცოდი დავწერე. რთული არ იყო, არც არაფერს შეუშლია წერისას ხელი, გრილოდა და სიმშვიდე იყო,“ - ამბობს თბილისის N175 საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი დათო ჯანიაშვილი.
„კონკრეტული საკოთხები არ მახსოვს, მაგრამ არაფერი მოსულა ისეთი ფორმატის, რაც მთელი წლოს განმავლობაში არ გაგვივლია. რთული არ იყო, მალე დავწერე და გამოვედი,“ - აღნიშნავს თბილისის N175 საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი თორნიკე მეფარიშვილი.
„უაზრო ტექსტები მოვიდა, ერთი ვეშაპებზე იყო, მეორე - ადამიანის ფსიქიკაზე. ძალიან ცუდია, რომ აბალოგიები აღარაა ცალკე ბლოკად. ესეც ტექსტიდან გამომდინარეა და თავიდან გიწევს საკითხზე მიბრუნება, დიდი დრო მიაქვს. ადრე გამოვედი, რადგან მათემატიკა და მე შორს ვართ, მეტს ვერაფერს დავწერდი,“ - აღნიშნავს თბილისის N175 საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი ნინო მეგრელიძე.
„ვერბალური ნაწილი მეტად რთული იყო, ვიდრე მათემატიკური. თუმცა ვერბალურში ლოგიკა მარტივი იყო. ანალოგიებიდან მახსოვს: ფუნქციური სახსარი - რუდმენტული სახსარი, ათვლის წერტილი - საწყის წერტილთან კულმინაცია - კრიტიკული წერტილი,“- ამბობს თბილისის N175 საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი გიორგი ჯანჯღავა.
„არ გამიძნელდა, ვფიქრობ, პირიქით უფრო გაადვილებულია, ტექსტიდან არის მოსაძიებელი სიტყვები, რაც ჩემთვის მარტივი იყო, ვერბალური ნაწილი უფრო გამიმარტივდა ვიდრე მათემატიკური, კონდიცირება სამწუხაროდ, ჯერ არ არის, ასე თქვეს, შემდეგ გამოცდაზე ჩართავენო. დამკვირვებლებს რაც შეეხება, ძალიან თბილები და საყვარლები არიან“, - აღნიშნავს თბილისის N39 საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი ზურაბ მანჯავიძე.
„წლევანდელი გამოცდა შედარებით რთული იყო. მე 2014 წელს ჩავაბარე პირველად ეროვნული გამოცდები, ჩავირიცხე უნივერსიტეტში და დავამთავრე კიდეც. ახლა სხვაგან ვაბარებ. გამოცდებს ყოველ წელს ვადევნებ თვალყურს და წელს შედარებით რთული კითხვები იყო. რთული იყო ვერბალური ნაწილი, მათემატიკური ნაწილი კი შედარებით ადვილი. როგორც უკვე აღვნიშნე, წინა წლებთან შედარებით მერთულა, 2014 წელს უფრო მარტივად დავძლიე ვერბალური ნაწილი, ვიდრე წელს, ვნახოთ რა შედეგები მექნება, გართულებული მეჩვენა ანალოგიები და კიდევ ლოგიკურ ნაწილს გამოვყოფდი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაბარებ“, - ამბობს თბილისის N39 საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული 22 წლის აბიტურიენტი გიორგი ლომიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდას ორ სესიად აბარებენ. ზოგადი უნარების გამოცდა ხვალაც ორ სესიად ჩატარდება და ხვალ ამ გამოცდას ის აბტურიენტები ჩააბარებენ, რომლებიც 5 ივლისს უნდა გამოცხადებულიყვნენ საგამოცდო ცენტრებში. გამოცდების განრიგში ცვლილება მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის გამო შევიდა.
წელს ერთიან ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 39 000-მდე აბიტურიენტმა გაიარა. ქვეყნის მასშტაბით სულ 22 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.