
არტურ კონან დოილის - „შერლოკ ჰოლმსი“ კიდევ ერთხელ იქცა ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის ინგლისური ენის კლუბის - Beam With Books-ის შთაგონების წყაროდ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს არ ყოფილა მხოლოდ წიგნის კითხვა - ეს იყო ნამდვილი ინტელექტუალური მოგზაურობა დეტექტივის სამყაროში, სადაც ყოველი დეტალი მნიშვნელობას იძენს, ხოლო ლოგიკა მთავარ იარაღად იქცევა.
წიგნის კითხვისა და სიღრმისეული განხილვის შემდეგ, მოსწავლეებმა შერლოკ ჰოლმსის ამბავი ეკრანზეც გააცოცხლეს. ფილმის ყურებამ პერსონაჟები კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა და მოსწავლეებს ანახა, თუ როგორ შეიძლება ერთი და იგივე ტექსტი განსხვავებულად იქნეს აღქმული ლიტერატურასა და კინოში.
პროექტის ფარგლებში, ასევე, მოსწავლეებმა მოისმინეს საჯარო ლექცია, რომელიც, როგორც სკოლაში დასძენენ, მათ დაეხმარება უკეთ გაიგონ შერლოკ ჰოლმსის ფენომენი - რატომ რჩება იგი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და საინტერესო ლიტერატურულ გმირად მთელ მსოფლიოში.
„ყველაზე საინტერესო ნაწილი ჯერ კიდევ წინ არის ... ჩვენი კლუბის წევრები შემოგთავაზებენ შერლოკ ჰოლმსის ჩვენეულ ვერსიას - ახალ ხედვას, ახალ ინტერპრეტაციას და განსხვავებულ დეტალებს, რომლებიც კლასიკურ ისტორიას თანამედროვე თვალით გააცოცხლებს.
შერლოკ ჰოლმსი გვასწავლის დაკვირვებას, კრიტიკულ აზროვნებას და იმ რწმენას, რომ სიმართლე ყოველთვის დეტალებში იმალება. სწორედ ამ გზით ვაგრძელებთ ჩვენც - კითხვით, განხილვით, ანალიზითა და შემოქმედებით“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: