
„სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს განათლებისთვის გამოყოფილი თანხები შემცირდა... ნაერთი ბიუჯეტი 3 მილიარდ 300 მილიონი ლარია ,რომელიც ორიენტირებულია განათლების მეცნიერების ახალგაზრდობის მხარდაჭერაზე“, - აღნიშნული განმარტება განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ სატელევიზიო დებატებში გააკეთა, რომელიც უმაღლესი განათლების რეფორმას, სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტირებების განსაზღვრასა და გარკვეულ პროგრამებზე ვაკანტური ადგილების შემცირებას ეხებოდა.
მიქანაძის თქმით, უახლოეს კვირებში 20 მდე სკოლის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოები დასრულდება, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, არის თუ არა ამ ჩამონათვალში ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, რომელებიც წლებია დანგრეულია და მოსწავლეებიც, პედაგოგებიც, მშობლებიც არაერთი თვეა პროექტების დასრულებას მოითხოვენ.
„სკოლების საკითხს რომ შევეხოთ, პროცესები მიმდინარეა... მხოლოდ ამ სასწავლო წლის დასაწყისისთვის 60-მდე სკოლა (ინფრასტრუქტურა) გავხსენით, უახლოეს კვირებში 20-მდე სკოლა მთავრდება და ექნებათ საშუალება მოსწავლე-მასწავლებლებს, შევიდნენ განახლებულ ინფრასტრუქტურაში, 100 ზე მეტი პროექტი კი მიმდინარეა და ასევე, გაზაფხულიდან გამოცხადდება შესაბამისი ტენდერები“, - განაცხადა განათლების მინისტრმა.