ყვარლის N2 სკოლის მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დარბაზში დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი, შთამბეჭდავი ღონისძიება გამართეს
13-02-2026

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიუძღვნეს. 

მე-9 კლასის მოსწავლეებმა კლასის ხელმძღვანელის, ისტორიის პედაგოგი თინა ნაზრიშვილის ინიციატივით ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დარბაზში ფართე აუდიტორიის წინაშე ჩაატარეს მეფე დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „დავითობა“.

მოსწავლეებმა პატივი მიაგეს წმინდა მეფის ხსოვნას: მეტად ემოციურად წარმოადგინეს დავითის ეპოქის საქართველო, თავად მეფის ისტორია დაბადებიდან - გარდაცვალებამდე, იმდროინდელი საქართველოს მძიმე ისტორიული ლაბირინთები - დავითს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ერგო: ქვეყანა
დარბეული იყო მტრის შემოსევებისგან, თურქ-სელჩუკთა მომთაბარე ტომები სახლდებოდნენ დაპყრობილ ტერიტორიებზე და ქართველ ხალხს ფიზიკური განადგურების საფრთხეს უქმნიდნენ, დიდგვაროვანი ფეოდალები მეფეს ხშირად არ ემორჩილებოდნენ, საქართველოს მეფის ხელისუფლება ლიხის ქედის აღმოსავლეთით არ ვრცელდებოდა.

მეფეს განასახიერებდა ერთ-ერთი მოსწავლე - რატი სურამლიშვილი. მან ღირსეულად, შთამბეჭდავად, ემოციურად, დასამახსოვრებლად შეასრულა დაკისრებული როლი, წაიკითხა მასწავლებლის, თინა ნაზრიშვილის მიერ დაწერილი ლექსი დავითისა.

არ შეიძლებოდა არ შეხებოდნენ მოსწავლეები ქართული ლირიკის შედევრს - „გალობანი სინანულისა“. 

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე დავით აღმაშენებელმა შექმნა ორიგინალური პოეტური ნაწარმოები - „გალობანი სინანულისანი“, რომელიც შუა საუკუნეების ქართული კულტურულ-იდეოლოგიური და ესთეტიკური მრწამსის გამოხატულებაა.

მასში მთელი სიღრმითაა განვრცობილი სასულიერო ლირიკაში საფუძვლიანად დამუშავებული (ეფრემ ასურის, იოსებ და თეოდორე სტუდიტეების, ანდრია კრეტელის, იოანე დამასკელისა და სხვათა საგალობლები) სინანულის მოტივი.

საგალობელი ზოგადსაკაცობრიო სევდას შეიცავს. დავითი თავს ადარებს უდიდესი ცოდვის ჩამდენთ და ამბობს, რომ არ არსებობს დანაშაული მის სულს რომ არ ამძიმებდეს. თავის ასეთ დამდაბლებაში ვლინდება სამშობლოსა და რწმენის გადასარჩენად დაუცხრომლად მებრძოლი ადამიანის ზნესრული ბუნება და მაღალი ეთიკური მრწამსი. დავითის „გალობანი სინანულისანიში“ შეცოდებათა შეგნებით უკვე დაძლეულია ცოდვა და ადამიანის დაცემით გამოწვეულ სევდას თან ახლავს ნათელი ტონები ადამიანის სრულქმნის ღრმა რწმენის.

ღონისძიება მეტად საინტერესოდ წარიმართა და მაყურებელის დიდი მოწონება დაიმსახურა. 

დავით აღმაშენებელი 1125 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია მის მიერვე აგებულ გელათის მონასტრის სამხრეთის კართან. მოგვიანებით, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დავით მეფე წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 8 თებერვალი დააწესა. ამდენად, 8 თებერვალს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა კეთილმსახური მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203