წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საინტერესო და ემოციურად დატვირთული აქტივობები თბილისის N108 სკოლაში
13-02-2026

თბილისის N108 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე გამორჩეულად აღინიშნა. წიგნიერების დღესასწაულს არაერთი კლასი შეუერთდა. 

პედაგოგმა, ნინო უბირიამ წიგნის კითხვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, სადამრიგებლო კლასში სხვადასხვა საინტერესო და ემოციურად დატვირთული აქტივობები დაგეგმა. 

პირველ ეტაპზე შეირჩა ორი გამორჩეული მოთხრობა: რევაზ ინანიშვილის - „ჩვენი ყოჩაღი სკვინჩა“ და გოდერძი ჩოხელის - „გუგული“.

როგორც პედაგოგი აღნიშნავს, ორივე ნაწარმოებმა მის ფანტასტიურ მოსწავლეებზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა.

„ეს მოთხრობები სავსეა ღრმა ადამიანური სევდით, თანაგრძნობითა და სათნოებით - შეუძლებელია მათი კითხვა ემოციური განცდის გარეშე. ბავშვებმა გულწრფელად გაიზიარეს პერსონაჟების ტკივილი და სიხარული, გამოთქვეს საკუთარი აზრები და ემოციები“,- გვიყვება პედაგოგი. 

მეორე აქტივობა - „ჩემი საყვარელი წიგნის პერსონაჟი“ - ნამდვილი სანახაობა იყო.

მოსწავლეები გაკვეთილზე ყველასათვის ცნობილ და საყვარელ გმირების კოსტიუმებში გამოწყობილნი მიბრძანდნენ. ისინი საოცრად ჰგავდნენ წიგნიდან „გადმოსულ“ პერსონაჟებს. ბავშვებს დიდ სიამოვნებას ანიჭებდათ საკუთარი გმირების განსახიერება და სიამაყით წარადგენდნენ მათ თანაკლასელების წინაშე.

მესამე აქტივობა დაეთმო წაკითხული მოთხრობებიდან მათთვის ყველაზე საინტერესო ეპიზოდის ხატვას.

ეს დავალება არანაკლებ საინტერესო, შემოქმედებითი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა - ნახატებში ნათლად აისახა ბავშვების ფანტაზია, ემოციური დამოკიდებულება და ტექსტის გააზრება.

„საბოლოოდ, დღე გამოვიდა ბრწყინვალე, შთამბეჭდავი და დადებითი ემოციებით სავსე - დღე, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ წიგნი ბავშვების გულამდე მისვლის საუკეთესო გზაა“,- აღნიშნავს პედაგოგი და განსაკუთრებულ მადლობას უხდის მოსწავლეთა მშობლებს. 

„განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მშობლებს - მათი ჩართულობისა და მხარდაჭერის წყალობით მოსწავლეები ნამდვილ ზღაპრულ გმირებს ჰგავდნენ. დიდი მადლობა თითოეულ მათგანს სიყვარულისა და თანადგომისთვის“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ვიდეო1, ვიდეო2

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203