თბილისის N108 საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა დიალოგი ბუნებასთან 
12-02-2026

თბილისის N108 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდნენ. 

სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მასშტაბურად აღინიშნა. წიგნიერების დღესასწაულს არაერთი კლასი გამოეხმაურა. 

„ამბობენ, რომ ხმამაღლა კითხვისას წიგნი ცოცხლდება“,- აღინიშნა IV კლასში, სადაც ​წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს, მოსწავლეებმა გოდერძი ჩოხელის „წერილი ნაძვებს“ გააცოცხლეს. 

„ეს არ იყო მხოლოდ კითხვა - ეს იყო დიალოგი ბუნებასთან, რომელიც მწერალმა ასე გულწრფელად დაგვიტოვა. ხმამაღლა კითხვისას თითოეული სიტყვა უფრო მძაფრად გაჟღერდა და დაგვაფიქრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გვესმოდეს იმ სამყაროსი, რომელიც ჩვენ გარშემო ცოცხლობს.

საჯარო კითხვის პროცესი გარდაიქმნა დისკუსიად ეკოლოგიასა და მწერლის უნიკალურ სტილზე, რომელიც ბუნებასა და ადამიანს შორის გაბმულ უხილავ ძაფებს აღწერს“,- გვიყვებიან სკოლაში და დასძენენ, რომ ხმამაღლა გაჟღერებულმა თითოეულმა სიტყვამ ბავშვებში არა მხოლოდ ინტერესი, არამედ ღრმა თანაგრძნობა გამოიწვია. კლასში ჩამოწოლილი სიჩუმე და ბავშვების სმენადქცეული სახეები ნათლად მეტყველებდა იმაზე, რომ ჩოხელისეულმა სითბომ და ბუნებისადმი ტკივილმა მათ გულებამდე მიაღწია.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა შეცვალე მსოფლიო!“  ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203