
განსხვავდება თუ არა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება და დასწრება ჩვეულებრივი მოსწავლეებისგან - ამ საკითხის შესახებ დამატებითი განმარტება კანონშიც არის გაკეთებული.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება ხდება იმავე პრინციპით, როგორც ფასდება ნებისმიერი სხვა მოსწავლის აკადემიური მიღწევა. თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე განათლებას იღებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით, ფასდება მის მიერ ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევის დონე. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, რომელიც წარმატებით ძლევს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, ფასდება შესაბამისი ქულით.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის სემესტრული, წლიური და საფეხურის ქულები, გარდა ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი გამონაკლისისა, გამოითვლება იმავე პრინციპით, როგორც სხვა მოსწავლეებისთვის.
თუ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრულია წლიური გამოცდის ჩატარება და დადგენილია, რომ მას აბარებენ ის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებიც, რომლებიც ინდივიდუალური სასწავლო გეგმით სწავლობენ, სკოლამ უნდა უზრუნველყოს საგამოცდო მასალის ადაპტირება – უნდა შეიქმნას ინდივიდუალური საგამოცდო პროგრამა, რომელიც დაეყრდნობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.