
თბილისის N108 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. პედაგოგები მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ცდილობენ.
შესაბამისად, სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე არაერთმა კლასმა აღნიშნა და მეფეთ-მეფის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ხოტბა შეასხა.
„დავით აღმაშენებელი არის მეფე, რომლის სახელი ქართველებისთვის ძალას, ერთობას და გამარჯვებას ნიშნავს“, - აღინიშნა IIა კლასში, რომლის მოსწავლეებმა გაიხსენეს დავით აღმაშენებლის ისტორიული როლი საქართველოს გაერთიანებისა და გაძლიერების საქმეში.
გაკვეთილს განსაკუთრებული ხალისი შესძინა VIა კლასის მოსწავლეთა ჩართულობამ. მათ უმცროსებს საინტერესო ინფორმაცია და სახალისო აქტივობები გაუზიარეს.
„ეს დღე იყო სიყვარულით სავსე საქართველოს ისტორიისადმი. მადლობა ყველა მონაწილეს თანამშრომლობისა და აქტიური ჩართულობისათვის“,- აღნიშნავს პედაგოგი ხათუნა გორაშვილი და ახარებს მოსწავლეთა აქტიურობა.
დავითობა IIბ და IIგ კლასების მოსწავლეებმა მეგობრული და ინფორმაციული ხასიათის შეკრებით აღნიშნეს. საგანმანათლებლო ღონისძიება სახელწოდებით - „იცოდე შენი ქვეყნის ისტორია” - მეფე მწიგნობარი, მეტად საინტერესოდ და მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები - ნანა ჯოხაძე- ცხვედიანი და ეკატერინე ბითაძე.
დავით აღმაშენებლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ღონისძიება მიუძღვნეს პედაგოგ მაიკო თაბუაშვილის მოსწავლეებმა.
მოსწავლეებმა აღნიშნეს მეფეთ-მეფის ღვაწლი ქართველი ერის წინაშე და აღნიშნეს, რომ ისტორიაში იშვიათად ჩნდებიან ადამიანები, რომელთა სახელი საუკუნეებს უძლებს. დავით აღმაშენებელი კი სწორედ ასეთი პიროვნებაა - მეფე, რომელმაც რწმენით, გონიერებითა და შეუპოვრობით საქართველოს ბედისწერა შეცვალა. მის სახელთან ასოცირდება აღორძინება, გამარჯვება და სულიერი სიმტკიცე.
საინტერესოა პედაგოგ სოფი ბაქუზანაშვილის მოსწავლეთა თვალით დანახული დავით აღმაშენებელი.
პედაგოგმა მოსწავლეებს მოასმენინა და აჩვენა ინფორმაცია დავით აღმაშენებელზე. მოსმენილის მიხედვით კი მოსწავლეებმა ტესტი დაწერეს.
როგორც პედაგოგი გვიყვება, ბავშვებმა ჩაწერეს ფრაზები დავით მეფეზე და თავიანთი სიტყვებით გააცოცხლეს ისტორია.
„ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დავითის ფრესკა „გავაცოცხლეთ“ ანა კალანდაძის ლექსით - „ფეხი დამადგით“. შემდეგ კი წარმოიდგინეს, რომ თავად იყვნენ ხუროთმოძღვრები და დახატეს, რას აუშენებდნენ ქვეყანას - ბავშვებმა დახატეს ეკლესია, სკოლა“,- გვეუბნება პედაგოგი.
დავით აღმაშენებლის ხსენების დღე 8 თებერვალს აღინიშნება. წელს მეფეთ-მეფის გარდაცვალებიდან 901 წელი გავიდა.
იხილეთ ვიდეო