
ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ვიდეოკადრებმა, სადაც ჩანს როგორ ცემენ არასრულწლოვნები ახალგაზრდებს, საზოგადოება, რბილად რომ ვთქვათ, შეაშფოთა. ჯგუფურ ძალადობაში ეჭვმიტანილები მოკლული მასწავლებლის - გიგა ავალიანის საქმეზე არიან დაპატიმრებულნი და პროკურატურის ინფორმაციით, ვიდეომტკიცებულებებიდან გამომდინარე, მათ ბრალი დაუმძიმდათ; ისინი არ გამორიცხავენ, რომ დაკავებულების წრე შესაძლოა გაფართოვდეს, მით უმეტეს, მანამდე ცნობილი გახდა, რომ შსს-მ ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები დააკავა, სადაც ასევე არასრულწლოვნები ფიგურირებდნენ... არის თუ არა ეს საქმეები რაიმე კავშირში, გამოძიება დაადგენს... თუმცა საინტერესოა, კონკრეტულ საქმეებზე გამოტანილი განაჩენი, კონკრეტული პირების მიმართ, საბოლოოდ გვაძლევს კი სიმშვიდის საფუძველს?! სამწუხაროდ, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ბულინგი, ფსიქოლოგიური ძალადობა... მოზარდებში არცთუ იშვიათია - იტყვი „ჩამშვები“ ხარ, არ იტყვი და... დგება სავალალო, ხან კი ლეტალური შედეგი.
სკოლებში არსებულ ბავშვთა მიმართ ძალადობაზე საუბრობს სახალხო დამცველიც: „წლიდან-წლამდე უცვლელ გამოწვევად რჩება ბავშვთა მიმართ ძალადობის სრულყოფილი, დეტალური სტატისტიკის წარმოება, რაც შესაძლებელს გახდიდა ამ მხრივ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის რაოდენობრივი მონაცემების მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეფასებას... აღსანიშნავია ასევე, ბავშვთა მიმართ სკოლაში სხვადასხვა ფორმით ძალადობის, ფიზიკური, ემოციური და ინტელექტუალური დასჯის გამოვლენილი შემთხვევები“.
ხოლო რაც შეეხება სტატისტიკას, მანდატურის სამსახურის 2025 წლის ანგარიშში, ნათქვამია, რომ ფისქოსოციალური მომსახურების ცენტრში, წლის განმავლობაში 6188 შემთხვევა აღირიცხა:
„აქედან, 4960 შემთხვევის რეფერირება განხორციელდა სკოლებიდან, ხოლო 1228 ბენეფიციარმა ცენტრს მიმართა თვითდინებით და/ან იდენტიფიცირებულ იქნა ცენტრის თანამშრომლის მიერ. მაღალი მომართვიანობის საპასუხოდ, 2025 წელს, მანდატურის სამსახურმა დანერგა სტრუქტურირებული ტრიაჟის სისტემა, რომელიც შემთხვევების პრიორიტეტულობას მათი გადაუდებლობისა და საჭიროების მიხედვით განსაზღვრავს.
2025 წლის განმავლობაში, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლების მიერ, კრიზისული ინტერვენციის ფარგლებში, განხორციელდა 27 ვიზიტი სკოლებში, ქვეყნის მასშტაბით. 2025 წლის განმავლობაში, მანდატურის სამსახური აქტიურად განაგრძობდა სკოლებში სოციალური მუშაობის კომპონენტის დანერგვასა და სოციალური მუშაკების როლის გაძლიერებას. ეს საქმიანობა მიზნად ისახავს მოსწავლეების, მათი კანონიერი წარმომადგენლებისა და მასწავლებლების მხარდაჭერას საგანმანათლებლო პროცესში, ასევე მოსწავლეთა სოციალური განვითარებისთვის ხელშემშლელი ფაქტორების შემცირებასა და აღმოფხვრას“.