განათლების სამინისტრო ახალ კანონპროექტზე მუშაობს - მიქანაძე „განათლებისა და მეცნიერების შესახებ კანონს“ პარლამენტს შემოდგომით წარუდგენს
11-02-2026

განათლების სამინისტრო ახალ კანონპროექტზე - „განათლებისა და მეცნიერების შესახებ კანონზე“ მუშაობს - აღნიშნულის შესახებ გივი მიქანაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხდა.

მინისტრის თქმით,  ახალი კანონი, განათლების და მეცნიერების მიმართულებით უკვე არსებულ შვიდ კანონს გააერთიანებს.

„ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა სრულიად ახალ კანონპროექტზე. დღეს განათლების და მეცნიერების მიმართულებას შვიდი კანონი აერთიანებს, ამიტომ, ვახდენთ კოდიფიცირებას.

პარლამენტის წევრები დამეთანხმებიან, რომ პარლამენტის არც საგაზაფხულო და არც საშემოდგომო სესია ისე არ ჩაივლის, ცვლილებების საკმაოდ დიდი მოცულობა არ წარვადგინოთ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც საჭიროებს ამ შვიდ კანონში შესაბამის ცვლილებებს. ამიტომ, ჩვენ უკვე დავიწყეთ ახალი კანონპროექტის მზადება, რომელსაც „განათლებისა და მეცნიერების შესახებ“ კანონი ერქმევა. ის გააერთიანებს შვიდივე კანონის მოცემულობას და ის იქნება თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებზე მაქსიმალურად ორიენტირებული. მიზნად გვაქვს რომ პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე უკვე წარვადგინოთ ეს კანონპროექტი განხილვისთვის და მხარდაჭერისთვის.

ვფიქრობთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ეს კიდევ უფრო გააძლიერებს იმ რეფორმებს და მიმართულებებს, რომელიც მეცნიერების და განათლების ყველა საფეხურთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა მიქანაძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203