
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს სკოლაში კვირეული მიეძღვნა, რომელსაც არაერთი კლასი შეუერთდა. დღეს, მე-4 კლასელების შესახებ მოგიყვებით.
„სახლი, სადაც წიგნი არ არის, უსულო ორგანიზმს ჰგავს“- აღნიშნეს მე-4ა კლასის მოსწავლეებმა და დღე ორიგინალურად აღნიშნეს.
მე-4ა კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ე. ბუღაშვილი) წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, „წიგნების სახლს“ - ქალაქ ქუთაისის მე-14 საქალაქო ბიბლიოთეკას ესტუმრნენ.
ბავშვებმა დაათვალიერეს ბიბლიოთეკის საცავები, გახდნენ ბიბლიოთეკის მკითხველები. მე-4 კლასელებმა სახლში წასაკითხად გამოიტანეს სასურველი წიგნები.
ბიბლიოთეკაშივე წაიკითხეს სასურველი წიგნიდან მცირე ფრაგმენტები, ისაუბრეს და იმსჯელეს წაკითხულის შესახებ.
„ბიბლიოთეკაში სტუმრობამ დადებითი ემოციებით აგვავსო თითოეული სტუმარი“,- აღნიშნავენ სკოლაში და დიდ მადლობას უხდიან ბიბლიოთეკის თითოეულ თანამშრომელს გულთბილი მასპინძლობისთვის.
პედაგოგ მარინა ჩიქობავას მეოთხეკლასელებმა კი დღე აღნიშნეს სლოგანით - „წიგნის საჯარო კითხვის დღე, თაობათა შორის კავშირი და ცოცხალი ლიტერატურა“
პედაგოგმა მოსწავლეებს შეახსენა, რომ ლიტერატურა მხოლოდ კითხვა არ არის, ეს არის ემოციების გაზიარებისა და შემეცნების ხელოვნება. სწორედ ამ იდეით გაერთიანდნენ მოსწავლეები წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღის აღსანიშნავად.
მე-4 კლასელებმა, მარინა ჩიქობავას ხელმძღვანელობით, უფროსი მეგობრების როლი მოირგეს და მეორეკლასელებს (დამრიგებელი: ქეთინო დიაკონიძე) ნამდვილი სამკითხველო მასტერკლასი მოუწყვეს ვაჟა-ფშაველას უკვდავი „ჩხიკვთა ქორწილი“ ახლებურად აჟღერდა. მოსწავლეებმა ხმამაღალი, ინტონაციით დატვირთული და შთამბეჭდავი კითხვით შეძლეს პატარა მსმენელების სრული ჩართულობა.
კითხვის პროცესი გასცდა ტექსტს, გაიმართა სიღრმისეული დისკუსია და როლური თამაშები, რამაც ბავშვებს საშუალება მისცა, პერსონაჟების ხასიათები საკუთარი ხედვით დაენახათ.
„კითხვის კულტურის ჩამოყალიბება ადრეული ასაკიდან იწყება, ხოლო როდესაც ცოდნას თანატოლები ერთმანეთს უზიარებენ, სწავლის პროცესი გაცილებით ეფექტური და სახალისო ხდება.
მადლობას ვუხდით ორგანიზატორებსა და თითოეულ მოსწავლეს ასეთი ნაყოფიერი და ემოციური დღისთვის. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს არა მხოლოდ კითხვის უნარების განვითარებას, არამედ გუნდურობასა და შემოქმედებით აზროვნებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: