
ექსპერტთა საბჭოს წევრებმა ქალაქ კასპის საბავშვო ბაღები შეამოწმეს, რის შედეგადაც დადგინდა, რომ აუცილებელია მუნიციპალიტეტმა ბაღების ინფრასტრუქტურისა და სტანდარტების გასაუმჯობესებლად მეტი ფინანსური რესურსი გამოყო - ეს გახლავთ გასული წლის ანგარიში, სადაც საუბარია, რომ „მაგიდები, სკამები და ორშრიანი საწოლები არ შეესაბამება ასაკობრივ სტანდარტებს, ხოლო ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილებში დაფიქსირდა დაუცველი ელექტროენერგიის წყაროები“.
გარდა ამისა, ბაღის ეზოში გამოვლინდა უსაფრთხოების განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველი გარემოებები. ეზოს უკანა ნაწილში ღობის სიმაღლე არ აკმაყოფილებს სტანდარტს, ხოლო ტერიტორიაზე განთავსებულია ნახევრად ჩამოშლილი შენობა, რომელიც უსაფრთხოების ბარიერებით არ არის შემოსაზღვრული.
ასევე საფრთხის შემცველია უკანა საევაკუაციო კიბეები. ისინი არ არის მოაჯირით შემოსაზღვრული და არ აქვს მოცურების საწინააღმდეგო საფარი. ეზოში არსებული სასრიალო მოწყობილია მყარ, ტრავმულ ზედაპირზე, ხოლო ტერიტორიაზე საერთოდ არ არის განათება.
დაწესებულებას წარმოდგენილი აქვს კვების მენიუ, თუმცა მენიუ-ფაქტურა არ შეიცავს სრულ ინფორმაციას თითოეულ ბავშვზე გათვლილ პროდუქტის რაოდენობებზე, კვებითი ღირებულების მაჩვენებლებზე (ცილა, ცხიმი, ნახშირწყლები), ასევე მარილისა და შაქრის გამოყენების ოდენობაზე. აღნიშნული გარემოება არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.
დასკვნის მიხედვით, ბაღს წყალი მიეწოდება გრაფიკით. ხანგრძლივი წყვეტის შემთხვევაში არსებული ტევადობა ვერ აკმაყოფილებს ბავშვებისა და თანამშრომლების საჭიროებებს.
ექსპერტთა საბჭოს დასკვნიდან:
„ვიზიტის დროს ღამის ქოთნები ბაღში არ იყო. თანამშრომლებთან გასაუბრებით დადგინდა, რომ ღამის ქოთნები მშობლებს მოაქვთ“...
„თეთრეული მარკირებულია და მისი გამოცვლა ხდება დაბინძურების მიხედვით, მინიმუმ კვირაში ერთხელ, რაც აღნიშნულია როგორც მექანიზმში, ასევე შესაბამის დანართში. თუმცა რეალურად ყველა ბავშვს თეთრეული სახლიდან მოაქვს, რაც არ არის გაწერილი“...
დოკუმენტებში მითითებულია, რომ შენობაში მიმდინარეობს ტემპერატურის მუდმივი მონიტორინგი, თუმცა ადგილზე დადგინდა, რომ ჯგუფურ ოთახებსა და საძინებლებში თერმომეტრები საერთოდ არ არის, შესაბამისად ტემპერატურული რეჟიმების კონტროლი რეალურად არ ხორციელდება.
ლოგინის, ხალიჩებისა და საფენების დასუფთავება-დეზინფექცია არ ხორციელდება, თუმცა რეალურად ეს პროცესი დოკუმენტებშია ასახული, - ნათქვამია „ქართლის ამბების“ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ორი ჯგუფის სანიტარულ კვანძში უნიტაზებისა და ხელსაბანების რაოდენობა არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტს. სანიტარულ კვანძებში არ არის დაცული ბავშვების პრივატულობა და დაწესებულებაში არ არსებობს ადაპტირებული სანიტარული კაბინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის.' - წერია დასკვნაში.
ექსპერტთა საბჭოს რეკომენდაციით, ბაღებმა ხარვეზები 2027 წლამდე უნდა გამოასწორონ.