
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელი ლასურიაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები პატრიოტულ მოტივებსა და ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან.
ახლახან, სკოლაში ჩატარდა დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში ეროვნული თვითშეგნების, ისტორიული მეხსიერების და ქართული სახელმწიფოს განვითარების მიმართ ინტერესის გაღრმავება.
ღონისძიება გამოირჩეოდა კარგად დაგეგმილი სტრუქტურითა და შინაარსობრივი მრავალფეროვნებით.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს დავით აღმაშენებლის ცხოვრების, სახელმწიფოებრივი რეფორმებისა და სამხედრო წარმატებების ამსახველი პრეზენტაციები, ლიტერატურული კომპოზიციები და
ისტორიული მონოლოგები, ჩატარდა ინტელექტუალური თამაში: „რა? სად?როდის?“, რამაც ხელი შეუწყო თემის სიღრმისეულ გააზრებას.
განსაკუთრებულად აღსანიშნავია მონაწილეთა ჩართულობა და პასუხისმგებლობით შესრულებული დავალებები.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიებამ ნათლად წარმოაჩინა დავით აღმაშენებლის როლი ქართული სახელმწიფოს გაძლიერებაში და მის მიერ გატარებული რეფორმების მნიშვნელობა. მოსწავლეებმა შეძლეს ისტორიული ფაქტების ანალიზი და მათი თანამედროვე კონტექსტთან დაკავშირება, რაც კრიტიკული აზროვნების განვითარებასაც უწყობდა ხელს.
აღსანიშნავია, რომ წელს მეფეთ-მეფის გარდაცვალებიდან 901 წელი გავიდა.