
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ და მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ.
„ყოველი დღე საინტერესოა იმით, რომ წიგნთან შეხება აქვს მომავალ თაობას. საინტერესოა იმითაც რომ წიგნი არის მათი მეგზურიც, მეგობარიც და ანთებული ლამპარიც ცოდნისა და განათლების სამყაროში. თითოეული წაკითხული ასო, სიტყვა, წინადადება და ტექსტი იქცევა მათი ოცნებების რეალობად ქცევის მიზნად.
თითოეული პატარა მკითხველი არის დიდი ისტორიის მატარებელი თავისი ფანტაზიის წყალობით.
შესწავლილი ასოების ძებნის, პოვნის და სიტყვებით შეკრული წინადადებების შინაარსის გააზრებით გამოწვეულ სიხარულს დაემატა კიდევ ერთი დღე ჩვენ სკოლაში“,- აღნიშნავენ სკოლაში და წიგნის კითხვის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
რა თქმა უნდა, სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე.
საერთაშორისო ღონისძიებას აქტიურად შეუერთდნენ 1-ელი და მე-3 კლასის მოსწავლეები.
პატარებმა წაიკითხეს ქართველი საბავშო მწერლების მოთხრობები, ლექსები. ხალისით ჩაერთვნენ სხვადასხვა აქტივობებში. ისაუბრეს რომელი პერსონაჟი მოეწონათ ყველაზე მეტად და რატომ? მოსმენილი შინაარსი კი ნახატებში გადაიტანეს.
ღონისძიება უფრო საინტერესო გახდა მიწვეული სტუმრების მონაწილეობით, რომლებმაც მოსწავლეებთან ერთად ისაუბრეს კითხვის მნიშვნელობაზე და თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.
სურვილი გამოთქვეს აქტიურად ითანამშრომლონ კლასგარეშე ლიტერატურასთან და მიიღონ მეტი ცოდნა. დასასრულს კი ბავშვებს გადაეცათ დიპლომები აქტიური კითხვისა და მაღალი კითხვის კულტურის გამოვლენისთვის.
წიგნია კითხვის დღის პოპულარიზაციას შეუერთდნენ კოჭბანის საჯარო სკოლის მეორე-მეოთხე კლასების მოსწავლეებიც.
მოსწავლეებმა პედაგოგთან ერთად იმსჯელეს წიგნების კითხვის მნიშვნელობასა და უპირატესობაზე.
დაასახელეს და დაახასიათეს საყვარელი ნაწარმოების პერსონაჟები და დაგეგმეს კიდევ მეტი წიგნის გაცნობა. მიწვეულ მშობელთან და უფროსკლასელებთან ერთად შეასრულეს აქტივობა - „დახატე ისტორია”, რომელიც საინტერესო, სახალისო და მრავალფეროვანი ვერსიებით წარმოადგინეს.
აგრეთვე, სასკოლო საზოგადოებისთვის შექმნეს კედლის გაზეთი - „წაიკითხე წიგნი- ასაზრდოე გონება“, რითაც საკუთარი წვლილი შეიტანეს წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები: