
სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები - ანამარია ხულელიძე, ზვიად ოდიშვილი და დეა ოდიშვილი „ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის გამორჩეული მონაწილეები არიან.
მე-6 კლასელი ზვიად ოდიშვილი ინგლისური ენის ოლიმპიადაში, საქართველოს მასშტაბით, შესაბამისი კლასის გამარჯვებულთა ათეულში მოხვდა.
ინგლისური ენის ოლიმპიადაშივე, შესაბამისი კლასის გამარჯვებულთა შორის, საპატიო ადგილს იკავებს მე-8 კლასელი დეა ოდიშვილი.
მათემატიკის ოლიმპიადაში, კი საქართველოს მასშტაბით, შესაბამისი კლასის საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეთა ათეულშია ანამარია ხულელიძე.
მოსწავლეები წარმატების დამადასტურებელი დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
ასკოლის დირექტორმა - მაღალყოვლადუსამღვდელოესობა იეგუდიელმა „ეტალონი-მედია“ ჯგუფისგან მოსწავლეთა წარმატების შესახებ ოფიციალური წერილი მიიღო.
„გილოცავთ და სიამაყით გაცნობებთ, რომ თქვენი სკოლის მოსწავლეებმა გამორჩეულ შედეგებს მიაღწიეს საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ 2025 წლის შემოდგომის სეზონის საგნობრივ ოლიმპიადებში.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა გამორჩეულმა შედეგებმა და ჩართულობამ არა მხოლოდ მათი შესაბამისი ცოდნა და მომზადების მაღალი დონე წარმოაჩინა, არამედ თქვენი სკოლის საგანმანათლებლო სიძლიერის წარმოჩენასაც შეუწყო ხელი.
უდავო ფაქტია, რომ მოსწავლეთა და სკოლების პოზიტიური საგანმანათლებლო წარმოჩენა, რასაც უკვე 21 წელია ემსახურება არაფორმალური საგანმანათლებლო პროექტების ეროვნული ფლაგმანი „ეტალონი“ და მისი პროექტები - აუცილებელი კომპონენტია მომავალი თაობის ეფექტური მოტივაციისთვის“, - ვკითხულობთ წერილში.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ წინსვლასა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
შეგახსენებთ, რომ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ჩემპიონატი საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას - გაიმდიდრონ საგნობრივი ცოდნა, შეიძინონ და განივითარონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და, რა თქმა უნდა, გამოსცადონ შესაძლებლობები.
იხილეთ ფოტოები: