თორიის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს საინტერესო აქტივობა მიეძღვნა 
09-02-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდნენ. 

ქართული ენის მასწავლებელმა, ანჟელა ღაზარიანმა მე-3 კლასში ჩაატარა აქტივობა, რომელიც წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში წიგნის სიყვარულის გაღვივება, კითხვის უნარების განვითარება და კითხვის მნიშვნელობის გააზრება.

მასწავლებელმა მოსწავლეებს შესთავაზა მათი ასაკის შესაბამისი წიგნები და ბროშურები. მოსწავლეებმა ინდივიდუალურად და ხმამაღლა დაიწყეს კითხვა. აქტივობის ფარგლებში ისინი კითხულობდნენ ერთსა და იმავე ტექსტს სხვადასხვა ინტონაციით - სიხარულით, გაბრაზებით, გაკვირვებითა და ჩურჩულით.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, აქტივობამ მოსწავლეებს დაანახა, თუ როგორ შეუძლია ინტონაციას შეცვალოს ტექსტის აზრი და ემოციური დატვირთვა, რაც ხელს უწყობდა სწორად, გამართულად და გამომსახველად კითხვის უნარის განვითარებას.

„აქტივობაში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ჩართულობით მონაწილეობდნენ. მათ შეძლეს კითხვის პროცესისგან სიამოვნების მიღება და გააცნობიერეს წიგნის მნიშვნელობა როგორც ცოდნისა და განვითარების წყარო“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203