წიგნის კითხვის დღესასწაული სამთაწყაროს საჯარო სკოლაში
09-02-2026

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ამ მიმართულებით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. 

რა თქმა უნდა, სკოლა აქტიურად შეუერთდა წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მსოფლიო კამპანიას. 

VII კლასის მოსწავლეებმა სკოლის ბიბლიოთეკაში აღნიშნეს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე. დღესასწაული, რომელიც მთელ მსოფლიოში ეძღვნება კითხვის კულტურის გავრცელებას, წიგნისადმი ინტერესის გაღვივებას და ბავშვებში კითხვის ჩვევის ჩამოყალიბებას.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსგავსი დღეები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ერთობლივი კითხვა აძლიერებს ტექსტის გაგება-გააზრებას, ზრდის მოტივაციას, ავითარებს კომუნიკაციას და ქმნის ემოციურად მხარდამჭერ გარემოს.

ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების - „მე ვხედავ მზეს“ ერთობლივი კითხვა. მოსწავლეები მონაცვლეობით კითხულობდნენ ტექსტს ხმამაღლა, შემდეგ კი გაიმართა გულწრფელი დისკუსია მეგობრობისა და ჰუმანიზმის თემაზე, როგორ ინარჩუნებს ადამიანი სითბოს, თანაგრძნობასა და ოპტიმიზმს რთულ ვითარებაშიც.

„ჩვენი მიზანი იყო: მოსწავლეებში კითხვისადმი ინტერესისა და მოტივაციის გაღვივება, ქართული კლასიკური ლიტერატურის პოპულარიზაცია, ერთობლივი კითხვისა და მსჯელობის უნარების განვითარება, გააზრება ისეთი ღირებულებების როგორიცაა - მეგობრობა, ემპათია, მორალური არჩევანი, წიგნთან ემოციური კავშირის გამყარება ბიბლიოთეკის მყუდრო გარემოში“, -აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ, რომ მოსწავლეთა ჩართულობა იყო მაღალი. თითქმის ყველა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა როგორც კითხვის, ისე დისკუსიის ნაწილში. გაძლიერდა სურვილი, ტექსტი დამოუკიდებლად დასრულდეს სახლში. დაიწყო მზადება შემდეგი ეტაპისთვის - ტექსტის ეკრანიზაციის ერთობლივი ნახვა და ტექსტთან შედარებითი განხილვა.

სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური და დირექცია მადლობას უხდის დამრიგებელს/მასწავლებელ ნანა გახოკიძეს პროექტის იდეის, ორგანიზებულობისა და შედეგიანად განხორციელებული ღონისძიებისთვის.

„ასევე განსაკუთრებული მადლობა ჩვენს სკოლის ბიბლიოთეკარს ქალბატონ მაყვალა ტარტარაშვილს, რომელმაც ბიბლიოთეკაში შექმნა თბილი, თემატურად გაფორმებული და შთამაგონებელი გარემო. დიდი მადლობა VII კლასის მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისთვის, პასუხისმგებლობისა და გულწრფელი მსჯელობისთვის. თქვენმა მონაწილეობამ ღონისძიება ნამდვილ „კითხვის დღესასწაულად“ აქცია.

გვჯერა, რომ ასეთი აქტივობები ხელს უწყობს: კითხვის ჩვევის განმტკიცებას, მეტყველებისა და არგუმენტაციის განვითარებას, კლასის ერთიანობისა და ურთიერთპატივისცემის გამყარებას, ეროვნული ლიტერატურული მემკვიდრეობის დაფასებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203