
ყვარლის N2 საჯარო სკოლა წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა.
წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სკოლის მკითხველთა კლუბის წარმომადგენლები, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ მზია ბაიდოშვილის ხელმძღვანელობით, პირველკლასელებს შეხვდნენ. პირველი კლასის დამრიგებელი პედაგოგი მაგდა ბაბლომაშვილი გახლავთ.
შეხვედრა სავსე იყო სითბოთი, ინტერესითა და წიგნებისადმი სიყვარულით. მკითხველთა კლუბის წევრებმა, უფროსმა მოსწავლეებმა პატარებს წაუკითხეს საინტერესო ნაწყვეტები საყვარელი წიგნებიდან, ესაუბრნენ, თუ როგორ შეიძლება გახდნენ კარგი მკითხველები და რატომ არის კითხვა მნიშვნელოვანი ყოველდღიურ ცხოვრებაში.
პირველკლასელებმა დიდი სიხარულით მოუსმინეს სტუმრებს და გაუზიარეს მათ, რა ზღაპრებს უკითხავდნენ მშობლები და ბებიები, რომელი გმირები უყვარდათ და რატომ.
„მინდა აღვნიშნო, რომ ეს შეხვედრა კიდევ ერთხელ დაეხმარა ბავშვებს გაეგოთ, რომ წიგნი არის მეგობარი, რომელიც გვასწავლის, გვამოგზაურებს, გვაძლიერებს და პიროვნებებად გვაყალიბებს“,-გვეუბნება სკოლის წარმომადგენელი ეკატერინე ავაზაშვილი.
მკითხველთა კლუბის წევრებმა, VI-VII კლასის მოსწავლეებმა, წაიკითხეს ორჯარი რაუფის კიდევ ერთი წიგნი - „გმირი ღამის ავტობუსში“. მათ ისაუბრეს საყვარელ პერსონაჟებზე, შექმნეს მრავალფეროვანი ილუსტრაციები და ირწმუნეს, რომ ყველას შეუძლია გახდეს უკეთესი ადამიანი.
მოსწავლეთა კიდევ ერთი განხილული წიგნია - ერიხ მარია რემარკის „სამი მეგობარი“. საუბარი მეგობრობაზე, სიყვარულსა და თავგანწირვაზე მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა დამსწრე საზოგადოებისათვის.
საზოგადოებამ კარგად უწყის, რომ „სამი მეგობარი“, რომელიც მწერალმა 1936 წელს ემიგრაციაში ყოფნის დროს დაწერა და ეხება დაკარგული თაობის პრობლემატიკას, რომანის გამოსვლის შემდეგ მწერალს ჩამოართვეს გერმანიის მოქალაქეობა. ნაცისტების პროპაგანდისტები გაშმაგებით სდევნიდნენ მას, ბრალს სდებდნენ „სამხედრო სულისკვეთების“ შებღალვასა და დაკნინებაში. რემარკის წიგნები აკრძალეს და საჯაროდ დაწვეს. კლუბის წევრებმა ნახატების სახით გასაოცარი ნამუშევრები წარმოადგინეს, რაც ბრწყინვალე ილუსტრაციად გამოადგებოდა წიგნს. გარდა ამისა, შეავსეს თემატურად შედგენილი კროსვორდი.
იხილეთ ფოტოები: