დირექტორად არ დაინიშნება 65 წელზე უფროსი ასაკის პირი - ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა
05-02-2026

საქართველოს პარლამენტმა და ზოგადი და უმაღლესი განათლების კანონებთან ერთად, დაჩქარებული წესით დაამტკიცა „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება, რომელიც ძირითადად, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების დირექტორს ეხება:

დოკუმენტით დადგინდა, რომ „დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომლის ასაკი არ აღემატება 65 წელს და აქვს სამეცნიერო-კვლევით და ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება“.

აქამდე არსებული ჩანაწერით კი, აღნიშნულ თანამდებობაზე ინიშნებოდა პირი, რომელიც აკმაყოფილებდა მთავარი მეცნიერ-თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს.

ცვლილებების თანახმად:  

„დაწესებულების დირექტორის დანიშვნა ხდება 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი დაწესებულების დირექტორად ზედიზედ შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ორჯერ.

დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის ან დაწესებულების წესდებით (დებულებით) გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე ამ მუხლით დადგენილი წესით დანიშვნამდე დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელი უფლებამოსილია დანიშნოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია დაწესებულების სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით დაადგინოს დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების საფასური. დაწესებულების დირექტორის სხვა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება დაწესებულების წესდებით“.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203