
თებერვალში იქნება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება შესაბამისი პროგრამების გახსნასა და კვოტირებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ განაცხადა და დასძინა, რომ რეგისტრაცია მარტში დაიწყება.
„მთავრობის გადაწყვეტილების მიხედვით, მოხდება დადარება, კვოტირების მიხედვით, იქნება მითითებული პროგრამა და შესაბამისი უნივერსიტეტი... თსუ-სა და სტუ-ს შემთხვევაში, თუ რეორგანიზაცია დასრულებული არ იქნება, ორივე უნივერსიტეტი სამართალსუბიექტურობას შეინარჩუნებს.
თებერვალში, მას შემდეგ, რაც ანკეტა-კითხვარები გაიხსნება, მთავრობა დაადგენს შესაბამის პროგრამებს, კვოტირებების ნაწილს... სტუ-ში შეიძლება რეორგანიზაცია რამდენიმე თვეში დასრულდეს და ამ მიმართულებით რაიმე შეზღუდვა აბიტურიენტებს არ ექნებათ, მარტში მათ ორივე უნივერსიტეტი დახვდებათ ჩამონათვალში - სხვა თეორიული შანსი არ არსებობს!“, - განმარტა გაბისონიამ.
ინფორმაციისთვის: უმაღლესების მიმართულებით რეფორმიდან გამომდინარე, ჯერჯერობით დიდი ბუნდოვანებაა აბიტურიენტების რეგისტრაციებთან, პრიორიტეტულ პროგრამებსა და სხვა დეტალებთან დაკავშირებით. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, აპლიკანტებს შეეძლებათ, სახელმწიფო უნივერსიტეტის რომელიმე პროგრამასთან ერთად, სამი პროფესიული კოლეჯი აირჩიონ.