„შეაფასეთ და დაუშვით პირველ კლასში ბავშვები, ვისაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდება“ - პეტიცია პარლამენტშია
07-02-2026

ზოგადი განათლების კანონში ცვლილებების შედეგად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში ის ბავშვები ვეღარ დარეგისტრირდებიან, ვისაც 6 წელი 15 სექტემბრის შემდეგ შეუსრულდება. გადაწყვეტილებამ მშობელთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, განსაკუთრებით კი მათი, ვისი შვილებიც პრესქულში დადიოდნენ; საკანონმდებლო ცვლილებით კი გამოდის, იგივე პროგრამა კიდევ ერთი წლის განმავლობაში უნდა გაიარონ.

აქედან გამომდინარე, მშობელთა ნაწილმა პარლამენტში პეტიცია შეიტანა, 2026-2027 სასწავლო წელს პირველკლასელთა ასაკობრივი ზღვრის ცვლილებაზე გარდამავალი დებულების (გამონაკლისის) მოთხოვნით.

„გთხოვთ, 2026/2027 სასწავლო წლისთვის:

მშობლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით, პირველ კლასში ჩარიცხვის უფლება მიეცეს 2020 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებს;

სკოლისთვის მზაობის შეფასების მექანიზმის გამოყენებით მოხდეს იმ ბავშვების მზაობის შეფასება, რომელთაც 6 წელი უსრულდებათ 2026 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით და შეფასების საფუძველზე მოხდეს 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება“, - ნათქვამია პეტიციაში, რომელიც მარიამ ბოხუამ შეიტანა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.

პარლამენტის ბიურომ კი დაადგინა, რომ პეტიცია თანდართულ მასალებთან ერთად გადაეცემა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელმაც 1 კვირის ვადაში უნდა შეამოწმოს ხელმოწერების ნამდვილობა და შედეგები წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს.

პეტიცია იხილეთ ბმულზე

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203