მინისტრს უფლება აქვს, სტიპენდია ვადაზე ადრე მოუხსნას სტუდენტს, თუ... - 300 ლარიანი სტიპენდიის დანიშვნისა და გაუქმების წესი დამტკიცდა
04-02-2026

ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის დაწესებისა და სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე აფხაზეთის ა/რ მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა, რომელიც შეეხება ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის იმ სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ 90% და მეტი აკადემიური მოსწრება, მონაწილეობდნენ სტუდენტურ კონფერენციებში, გამოქვეყნებული აქვთ საკონფერენციო ნაშრომი და არიან საზოგადოებრივად აქტიურები.

დოკუმენტში გაწერილია, რომ სტიპენდია დაენიშნება ბაკალავრიატის 1 და მაგისტრატურის 1 სტუდენტს, სტიპენდიის უზრუნველსაყოფად კი აფხაზეთის განათლების ადა კულტურის სამინისტროში შეიქმნება სპეციალური კომისია.

კომისია დაკომპლექტდება 7 წევრისგან და მას თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. აღნიშნული საქმიანობა არ ანაზღაურდება, თუმცა კომისია ანგარიშვალდებული იქნება განათლების მინისტრის წინაშე.

სტუდენტის  წარდგენის უფლება აქვთ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. 

საჭირო დოკუმენტაცია:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარდგინება;

ბ) რეკომენდაცია წარდგენილ კანდიდატზე;

გ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;

დ)  სტუდენტის საკონფერენციო ნაშრომი;

ე) სტუდენტის საკონფერენციო ნაშრომის გამოქვეყნების, სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ვ) სიგელები, სერტიფიკატები;

ზ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

თ) კანდიდატის რეზიუმე  (ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობების შესახებ).

სტიპენდიის თაობაზე განცხადებას კომისია განიხილავს ახალი სასწავლო წლის დადგომამდე, ფარული კენჭისყრით, თუმცა კომისიის წევრს უფლება აქვს მოითხოვოს კანდიდატის დასწრება სხდომაზე.

სტიპენდია მინისტრის ბრძანებით ინიშნება, რომელსაც ასევე აქვს უფლება, ვადაზე ადრე მოუხსნას სტიპენდია, თუკი სტუდენტს სტატუსი შეუჩერდება ან შეუწყდება.

სრული დოკუმენტი და ყველა დეტალი იხილეთ ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203