
თბილისის N108 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს, რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე.
27 იანვარი ჰოლოკოსტის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მიეძღვნა. როგორც მოსწავლეთა პედაგოგი ნინო უბირია აღნიშნავს აქტივობების მიზანი იყო ჰუმანური ღირებულებების გაღვივება - თანაგრძნობის, სიკეთისა და პასუხისმგებლობის სწავლება.
„ამ დღესთან დაკავშირებით დიდხანს ვფიქრობდი, როგორ მიმეწოდებინა ჰოლოკოსტის მნიშვნელობა ჩემი პატარებისთვის ისე, რომ მათთვის ყოფილიყო საინტერესო, გასაგები და, რაც მთავარია, დასამახსოვრებელი.
აქვე მინდა აღვნიშნო საგნის მასწავლებელთა წვლილი - ნინო ომანაძე (მე და საზოგადოება), ჯილდა ჩაჩანიძე (ინგლისური ენა) ამ დღის მნიშვნელობის გააზრებაში საინტერესო გაკვეთილებითა და აქტივობებით, რამაც გამიადვილა თემის გაშლა ჩემს ფანტასტიურებთან. დიდი მადლობა, ჩემს კოლეგებს!
მიზანი იყო არა მძიმე ისტორიული ფაქტების გაზიარება, არამედ ჰუმანური ღირებულებების გაღვივება - თანაგრძნობის, სიკეთისა და პასუხისმგებლობის.
ერთობლივად შევქმენით სლოგანები, რომლებიც მშვიდობის, სიყვარულისა და ადამიანობის მნიშვნელობაზე გვესაუბრებოდა. მთავარი აქტივობა იყო „ხსოვნის სანთელი“ - სიმბოლო სინათლისა, რომელიც ბნელ პერიოდშიც კი არ ქრება. ბავშვებმა დახატეს სანთლები და თემატური ნახატები, საკუთარი ემოციებითა და ფიქრებით გადმოსცეს ის, რაც მოისმინეს და გაიაზრეს.
აქტივობის მსვლელობისას ბავშვებმა მოისმინეს, რატომ არის მნიშვნელოვანი ამ დღის ცოდნა — იმისთვის, რომ ისტორიიდან ვისწავლოთ, შევინარჩუნოთ ადამიანური ღირებულებები და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მსგავსი ტრაგედია არასოდეს განმეორდეს.
ამ აქტივობამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ბავშვებთან ყველაზე რთულ თემებზეც კი შესაძლებელია საუბარი სიმბოლოებით, გულწრფელობითა და სითბოთი. მათ ნახატებში, კითხვებსა და კომენტარებში ნათლად გამოჩნდა თანაგრძნობა და სამართლიანობის განცდა.
„ხსოვნის სანთელმა“ ბავშვებს აჩვენა, რომ თითოეულ ადამიანს შეუძლია იყოს სინათლე — სიკეთის, მშვიდობისა და ურთიერთპატივისცემის გამავრცელებელი.
ეს დღე დარჩება მათ მეხსიერებაში როგორც მშვიდი, მაგრამ ძლიერი გზავნილი: სიძულვილს არ უნდა მივცეთ ადგილი, ხოლო ადამიანობა ყოველთვის უნდა დავიცვათ!“,- აღნიშნავს პედაგოგი ნინო უბირია.
იხილეთ ვიდეო: