
ზოგადი და უმაღლესი განათლების მიმართულებით ცვლილებები პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება და უკვე ცნობილია, რომ სკოლებში დაწყებით საფეხურზე ფორმის ტარება სავალდებულო იქნება, დაინერგება ერთი სახელმძღვანელო, აიკრძალება მობილურები... უმაღლეს განათლებაში კი დამკვიდრდება ახალი „წამყვანი პროფესორის“ თანამდებობა, სახელმწიფო სასწავლებლები გახდება უფასო...
თუმცა, როგორც პლენარულ სხდომაზე გაირკვა, ცვლილებები იგეგმება საბავშვო ბაღების მიმართულებითაც.
იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული რეფორმების მთავარ მიზნად განათლების ხარისხის გაზრდა სახელდება და 15 სექტემბრის შემდეგ დაბადებულ ბავშვებსაც ამავე მიზეზით შეეზღუდათ პირველ კლასში დარეგისტრირება, საინტერესოა, აპირებს თუ არა სამინისტრო, „გაზომოს“ სკოლამდელი განათლების ხარისხი და განსაზღვროს, რამდენადაა მზად ბავშვი სასკოლო ცხოვრებისთვის; მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ სკოლები 11-წლიანი ხდება და ძირითადი სასწავლო პროგრამა 10 წელზე გადანაწილდება.
აღნიშნული საკითხის კომენტირებისას, განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ განაცხადა, რომ განათლების სამინისტრო მუშაობს სკოლამდელი განათლების მიმართულებით რეფორმაზე, თუმცა დეტალების გასაჯაროებისგან თავი შეიკავა:
„საკითხზე მუშაობენ სპეციალისტები, რომლებიც ცდილობენ, ყველა მიმართულებით, ყველა დეტალი გაითვალისწინონ და უფრო კონკრეტულად რეფორმაზე მაშინ ვისაუბრებთ, როდესაც მზად ვიქნებით“, - განმარტა გაბისონიამ.