მასწავლებელს 3 წლით აეკრძალება სკოლაში მუშაობა, თუ მას სამსახურიდან მოსწავლეზე ძალადობის გამო გაათავისუფლებენ
02-02-2026

„მოსწავლის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მასწავლებელს, სკოლაში მომუსავე სხვა თანამშრომელს 3 წლის განმავლობაში შეეზღუდება დასაქმდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში“ - აღნიშნული ცვლილება ერთ-ერთია, იმ მრავალთაგან, რომელიც ზოგადი განათლების კანონში შევა. 

კანონპროექტს, რომელიც ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის შესასრულებლად შეიტანეს პარლამეტში, აჩქარებული წესით განიხილავენ. 

საკანონმდებლო ინციატივით, მასწავლებელს/ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომელს, რომელსაც შრომითი ურთიერთობა შეუწყდა მოსწავლის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო, შეეზღუდება სკოლაში საქმიანობის უფლება გათავისუფლებიდან 3 წლის განმავლობაში ვინაიდან, მოსწავლის მიმართ ფიზიკური ძალადობა წარმოადგენს მასწავლებლის პროფესიული ეთიკისა და სკოლის შინაგანაწესის უხეშ დარღვევას და ეჭვქვეშ აყენებს მის უნარს, უზრუნველყოს უსაფრთხო და მხარდამჭერი საგანმანათლებლო გარემო. 

მსგავს შემთხვევებში მასწავლებლის/ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომლის სასკოლო სივრცეში დაუყოვნებლივ დაბრუნება ქმნის მოსწავლეთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების რისკებს და უარყოფითად აისახება სკოლისადმი საზოგადოების ნდობაზე სამწლიანი შეზღუდვა არ წარმოადგენს სადამსჯელო ღონისძიებას, არამედ არის პრევენციული ხასიათის მექანიზმი, რომელიც მიზნად ისახავს მსგავსი ქმედებების თავიდან აცილებას და ამავდროულად მასწავლებლისთვის ქცევის კორექციისა და პროფესიული პასუხისმგებლობის გააზრების შესაძლებლობის მიცემას.

აღნიშნული მიდგომა ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო სივრცეში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას, შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკასა და განათლების სფეროში დამკვიდრებულ სტანდარტებს, რომლებიც ძალადობის შემთხვევებში ითვალისწინებს დროებით პროფესიულ დისკვალიფიკაციას, როგორც ბავშვის უფლებების დაცვის ეფექტიან ინსტრუმენტს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203