სკოლა „ანაბასისში“ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს საინტერესო საგანმანათლებლო შეხვედრით გამოეხმაურნენ
02-02-2026

სკოლა „ანაბასისში“ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცოდნისა და ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება. 

27 იანვარ​ს სკოლაში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა საერთაშორისო დღეს გამოეხმაურნენ. გაიმართა შეხვედრა, სადაც „ანაბასისელებმა“ ისაუბრეს ანა ფრანკის, სერ ნიკოლას უინტონის (რომელიც საერთო ჯამში დაეხმარა 669 ბავშვს გადარჩენაში, რომელთა უმეტესობა ებრაელი იყო), იანუშ კორჩაკის შესახებ. გაიხსენეს ფილმები - „ბიჭი ზოლიან პიჟამაში“, „ცხოვრება მშვენიერია“, „კურდღელი ჯოჯო“...

ანაბასისელებმა“ გაიხსენეს ჰოლოკოსტის ქართველი მსხვერპლი, არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე (დ. 31 აგვისტო, 1899 — გ. 6 დეკემბერი, 1942) — ქართველი თეოლოგი, ისტორიკოსი, არქიმანდრიტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, რომელიც ევროპაში მოღვაწეობდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ნაცისტები ეროვნულ უმცირესობებს სასტიკად ექცეოდნენ, აწამებდნენ და ხოცავდნენ მათ, განსაკუთრებით კი ებრაელებს დევნიდნენ. მამა გრიგოლი ხშირად იფარებდა ასეთ ადამიანებს, თავშესაფარსა და საზრდოს უნაწილებდა, რისთვისაც შეიპყრეს და ციხეში ჩასვეს, შემდეგ კი ოსვენციმის ბანაკში გადაიყვანეს. იგი იქვე აღესრულა. როგორც მასთან ერთად მყოფი პატიმრები იგონებენ, მამა გრიგოლთან ერთად ბანაკში ერთი მრავალშვილიანი ებრაელი ყოფილა, რომელსაც ნაცისტება გაზის კამერაში გაგუდვა გადაუწყვიტეს. მამა გრიგოლს შებრალებია ეს კაცი, მისი სასჯელი თვითონ აუღია თავზე და მის მაგივრად შესულა გაზის კამერაში.

საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ განიხილა მამა გრიგოლის მოღვაწეობა და ქრისტიანობისათვის, სამშობლოსათვის და მოყვასისათვის თავგანწირული არქიმანდრიტი წმინდანთა დასში შერაცხა, გრიგოლ ფერაძეს ეწოდა მღვდელმოწამე გრიგოლი. 2013 წელს 26 სექტემბერს მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

მოსწავლეება შეიტყვეს, რომ ჰოლოკოსტი კაცობრიობის ისტორიაში გარდამტეხ მოვლენად იქცა. 1933-45 წლებში ევროპის ტერიტორიაზე გერმანიის ნაცისტურმა ხელისუფლებამ მის მოკავშირეებთან ერთად მილიონობით ებრაელი, ბოშები, შავკანიანები, იეჰოვას მოწმეები, სლავები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები გაანადგურა.

სხვა გენოციდებისგან განსხვავებით, ჰოლოკოსტს ჰქონდა აბსოლუტურად ტოტალიტარული ხასიათი: მისი მიზანი იყო ყველა ებრაელის განადგურება განურჩევლად სქესისა, ასაკისა თუ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა. გარდა ამისა, ჰოლოკოსტი თითქმის მთლიანად რასობრივი სიძულვილით იყო განპირობებული. ჰოლოკოსტი შემთხვევითი და უეცარი მოვლენა არ ყოფილა. მას წინ უძღოდა იმდროინდელ გერმანულ საზოგადოებაში მკაფიოდ გამოხატული ანტისემიტური განწყობების გაღვივება და ებრაელებისგან მტრის ხატის შექმნა. ნაცისტებმა მოახერხეს, მასები დაერწმუნებინათ, რომ გერმანელები ღვთისგან რჩეული, უპირატესი რასა იყო, ხოლო ებრაელები მათ გადაშენების საფრთხეს უქმნიდნენ. ირაციონალურ სიძულვილს, რასიზმს, რელიგიურ-ეთნიკური ნიშნით ადამიანების დევნასა და დისკრიმინაციას მოჰყვა უდიდესი მასშტაბის კატასტროფა.

ინგლისური სიტყვა „holocaust“ გამოყენებული ლათინური ბიბლიიდან, ხოლო მასში ეს სიტყვა ბერძნულიდანაა ნასესხები. ნიშნავს „სრულად დაწვას“. ინგლისური ტერმინი „holocaust“ დღევანდელი მნიშვნელობით იხმარება 1910-იანი წლებიდან.

შეხვედრა მოსწავლეებისთვის მეტად საინეტრესო და შემეცნებითი აღმოჩნდა, მათ ჰოლოკოსტის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და ბევრი ნაკლებადცნობილი ფაქტიც შეიტყვეს 

27 იანვარ​ი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. გაერომ ეს თარიღი აღიარა ხსოვნის დღედ, რადგან სწორედ 1945 წლის 27 იანვარს გათავისუფლდნენ ტყვეები აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკებიდან. ამ უმძიმესი ისტორიული მოვლენის გახსენება მნიშვნელოვანია იმის გასააზრებლად და კიდევ ერთხელ ერთმანეთისთვის შესახსენებლად, რომ ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია, მათ მიმართ უნდობლობის, სიძულვილისა და ზიზღის გამოხატვა შესაძლოა უმძიმესი შედეგებით დასრულდეს.

ჰოლოკოსტი — მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული ებრაელების, ასევე ბოშების, ჰომოსექსუალების და სხვა უმცირესობების მასობრივი გენოციდი. განადგურებული იქნა 6 მილიონზე მეტი ებრაელი. მოკლული საბჭოთა სამხედრო ტყვეების, პოლონელი ინტელექტუალებისა და სხვების გათვალისწინებით მსხვერპლის რიცხვი გაცილებით დიდია.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203