
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები, თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანებასთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ 62 პროფესორიდან არცერთი არ ეთანხმება უნივერსიტეტების გაერთიანებას.
პროფესორები გადაწყვეტილებების მიმღები პირებისგან მოითხოვენ არ მიიღონ ნაჩქარევი, ფუნდამენტური ცვლილებები და აკადემიურ საზოგადოებასთან დაიწყონ საჯარო დისკუსია.
„გაცნობებთ, რომ 2026 წლის 31 იანვარს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებმა ფარულ გამოკითხვაში ერთსულოვნად დააფიქსირეს უარყოფითი დამოკიდებულება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით. 62 პროფესორიდან, რომლებმაც გამოკითხვაში მიიღეს მონაწილეობა, არცერთი ეთანხმება უნივერსიტეტების გაერთიანების იდეას.
ხსენებული გამოკითხვის საფუძველზე ვაქვეყნებთ ღია წერილს, რომელთან მიერთება შეუძლია საუნივერსიტეტო საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს, რომელიც იზიარებს ტექსტის სულისკვეთებას.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორების ღია წერილი:
მოგეხსენებათ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება, ის არის ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილი - საქართველოს ისტორია, წარსული, აწმყოცა და მომავალიც; ადგილი, რომელსაც ასეულობით ათასი ადამიანის როგორც პროფესიული, ისე პიროვნული მომავალი განუსაზღვრია; ადგილი, სადაც ყალიბდებოდა თანამედროვე ქართველი ერი.
ამ წერილით კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ თსუ არ არის უბრალოდ ინსტიტუცია, რომლის მომავალი მხოლოდ პროცედურულ, ან სამართლებრივ ჭრილში უნდა განიხილებოდეს.
შესაბამისად, გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან მოვითხოვთ:
1. შეჩერდეს უნივერსიტეტის სტატუსსა და სტრუქტურასთან დაკავშირებული ნებისმიერი ნაჩქარევი, ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც განსაზღვრავს მის აწმყოსა და მომავალს.
2. დაიწყოს ფართომასშტაბიანი, საჯარო და არგუმენტირებული კონსულტაციები აკადემიურ საზოგადოებასთან". - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ფაკულტეტის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.
აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტების შერწყმის შეჩერების მოთხოვნით ერთობლივი პეტიცია გამოაქვეყნეს სტუ-ის პროფესორებმა, მკვლევარებმა და სტუდენტებმა. პეტიციას ამ დროისტვის ხელს 3 ათასზე მეტი პირი აწერს. -
ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ განცხადება გივი მიქანაძემ 29 იანვარს გააკეთა.
გადაწყვეტილებას ტექნიკური უნივერისტეტის სტუდენტები და პროფესორებიც არ ეთანხმებიან. „სტუ არ იყიდება“ - პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები უნივერსიტეტების გაერთიანების წინააღმდეგ აქციას მართავენ